საზოგადოება
07/10/2020

პრემიერი: გრიპის ვაქცინის დეფიციტი ქვეყანაში არ იქნება

საქართველოს გრიპის ვაქცინა შარშანდელ მოცულობაზე ბევრად უფრო მეტი რაოდენობა აქვს უკვე შესყიდული, - განაცხადა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

პრემიერის თქმით, ამ შესყიდული რაოდენობის მოწოდება საქართველოში ეტაპობრივად დაიწყება უკვე შემდეგი კვირიდან.

„დღეს, სამწუხაროდ, გლობალურად, საკმაოდ სერიოზული დეფიციტი შეიქმნა, გასაგები დეფიციტი, გასაგები მიზეზების გამო, მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. შესყიდული გვაქვს შარშანდელ მოცულობაზე ბევრად უფრო მეტი რაოდენობა და მისი მოწოდება საქართველოში ეტაპობრივად დაიწყება შემდეგი კვირიდან. ჩვენ დამატებითი მოცულობების შესყიდვაც უკვე განვახორციელეთ და ეტაპობრივად ვაგრძელებთ. დარწმუნებული ვარ, რომ გრიპის ვაქცინის დეფიციტი ქვეყანაში არ იქნება, მაგრამ ამას სჭირდება ეტაპობრივი მიდგომა და არანაირი პანიკის დაწყების აუცილებლობა არ არის. გრიპის სეზონი საქართველოში იწყება ნოემბრის მეორე ნახევრიდან და შესაბამისად, საკმაოდ დრო გვაქვს, რომ კერძო სექტორსაც მივეხმაროთ და სახელმწიფოს ვალდებულებებიც შევასრულოთ.

ვირუსის, პანდემიის შემდეგი გამოწვევა, პირველ ეტაპზე ეს იყო საერთოდ უცნობი მოვლენა მსოფლიოსთვის, დღეს ამ უცნობობის ახალი ხარისხი შემოაქვს ამ თანხვედრას ვირუსის და გრიპის ერთმანეთთან თანხვედრა რა შედეგს მოიტანს. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ გადაზღვეული გვაქვს და არანაირი პრობლემა იმაში, რომ კერძო სექტორსაც მივეხმაროთ, თუმცა მათ თავისი პასუხისმგებლობები აქვთ და ისინი თავის მხრივ აგრძელებენ ამ შესყიდვებს. ჩვენ მათაც დავეხმარებით და საქართველოში, გრიპის ვირუსის აცრის ნაწილში, დეფიციტი არ იქნება“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.