პრემიერი: ევროპული პერსპექტივა - დოკუმენტში ყველასთვის ნანატრი ჩანაწერი გაჩნდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებაზე, ისტორიულ გადაწყვეტილებად აფასებს.
"ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, ოფიციალურ დოკუმენტში ყველასთვის ნანატრი ჩანაწერი გაჩნდა, ევროპული პერსპექტივის შესახებ. ნათლად, ევროკომისიამ დოკუმენტში ჩაწერა, რომ ევროსაბჭოს აძლევს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენი მოლოდინი იყო, რომ საქართველოც მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, როგორც უკრაინამ და მოლდოვამ, მაგრამ ჩვენ ამის თაობაზე განსხვავებული მიდგომა ვიხილეთ. მინდა ეს მოსახლეობას დეტალურად განვუმარტო.
ჩვენ მართლაც მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა- რეალურად დამკვიდრებული დიქტატურა, ავტორიტარული რეჟიმი, სადაც ადამიანებს კლავდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ბიზნესს ართმევდნენ, ოჯახებს ანადგურებდნენ. დემოკრატიის არანაირი ნიშანწყალი არ არსებობდა. არავითარი მედიათავისუფლება, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება არ არსებობდა. რეალურად, მთელი სახელმწიფო სისტემა გადაქცეული იყო რეპრესიულ სისტემად - ჩაგვრის და მოქალაქეების განადგურების სისტემად. მაშინ სასამართლო ჩვეულებრივი ნოტარიუსის ოფისი იყო", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, მოქმედი ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების შედეგად, ზოგიერთ საკითხში, საქართველო ევროკავშირის და ნატო-ს წევრ ქვეყნებსაც უსწრებს.
"დღეს 10 სამუშაო დღეში შეიძლება ნებისმიერი ტელევიზიის გახსნა. ამ მაჩვენებლით ჩვენ ბევრად წინ ვუსწრებთ მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორების მიხედვით, ჩვენი ქვეყანა უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ ბევრ ქვეყანას, გლობალური მმართველობის ეფექტურობის ინდექსით ჩვენი ქვეყანა 180 ქვეყანას შორის 21-ე ადგილზეა, უსწრებს საფრანგეთ, კანადას, ნიდერლანდებს, იტალიას, პორტულგალიას და სხვა წამყვან ქვეყნებს.
ღია ბიუჯეტის ინდექსისი მიხედვით, წელს პირველად საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა, მაშინ, როცა ჩვენს მეგობარ უკრაინას და მოლდოვას, რეკომენდაციაში ჩაუწერეს საჯარო სამსახურის რეფორმა, მათ შორის გამჭვირვალობაზეა მინიშნება. ამ მიმართულებით საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, და ა.შ. მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგის მიხედვით ჩვენი ქვეყანა მსოლიფოს წამყვან 5 ეკონომიკას შორის არის", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.