პრემიერი: ჩვენი მთავრობა რომ არა, არა თუ ევროკავშირში, არამედ ძალიან რთულ პირობებში ვიქნებოდით
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საქართველომ ყველა ის პირობა შეასრულა, რომელიც ევროკავშირთან ჰქონდა აღებული.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სწორედ "ქართული ოცნების" დამსახურებაა ის მიღწევები, რაც ქვეყანას ევროკავშირთან დაახლოვების თვალსაზრისით აქვს.
"ჩვენ ზედმიწევნით შევასრულეთ ყველა ის პირობა, რომელიც აღებული გვქონდა ევროკავშირთან. ასოცირების ხელშეკრულებით დაწყებული, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებითა და უვიზო რეჟიმის მიღებით დასრულებული. ახლა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანით ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა, რომ ვართ ერთგულები და პირნათლად ვასრულებთ ჩვენი ხალხის დაკვეთას. რომ არა ჩვენი მთავრობა, არა თუ ევროკავშირში, არამედ ძალიან რთულ პირობებში ვიქნებოდით. ქართული ოცნების დამსახურებაა ის, რომ ვართ ასოცირებული ქვეყანა, გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და სხვა. ევროკავშირის წევრობამდე ძალიან დიდი და რთული გზაა გასავლელი, თუმცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ შესაძლოა კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ბოლო 9 წელია საქართველო გამორჩეული და რეფორმატორი ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ახლა ჯერი ევროკავშირზეა. ევროპამ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება",- განაცხადა ღარიბაშვილმა.