საზოგადოება
19/06/2023

პირველი საერთაშორისო საჯარო დებატი საქართველოში

პირველად საქართველოში პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, 2023 წლის 19-21 ივნისს, ჩამოდიან „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ პარტნიორი დებატების ორგანიზაციის წარმომადგენლები ლატვიიდან. საქმიანი ვიზიტის ფარგლებში ისინი ჩაერთვებიან პროექტის სხვადასხვა აქტივობებში, გამართავენ სამუშაო შეხვედრებს ქართველ ტრენერებთან, ადგილზე შეისწავლიან და განიხილავენ უმაღლეს სასწავლებლებსა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში დებატების, როგორც არჩევითი საგნის დანერგვის შედეგებს. გარდა ამისა, ისინი ესტუმრებიან სხვადასხვა დებატების კლუბებს, როგორც თბილისში ასევე რეგიონში.

დებატში ძირითადად ჩაერთვებიან პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის” ფარგლებში გამარჯვებული ის მოსწავლეები, რომლებიც წელს სრული დაფინანსებით მიემგზავრებიან პრაღაში საერთაშორისო დებატების ფორუმში მონაწილეობის მისაღებად.  

პროექტის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ, ქვეყნის მასშტაბით, დებატების კლუბები უკვე ფუნქციონირებს კახეთში, აჭარაში, სამეგრელოში, სვანეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, ზემო აჭარაში, რაჭაში, იმერეთსა და თბილისში. ასევე ამ სასწავლო წელს დაინერგა დებატები, როგორც არჩევითი საგანი, საქართველოს 20 სხვადასხვა სკოლაში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიზნად  ისახავს  მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.

საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი (GIDE), საერთაშორისო დებატების საგანმანათლებლო ორგანიზაციის (IDEA) ერთადერთი წევრია საქართველოდან, რომელიც მრავალი წელია ახალგაზრდებზე ზრუნავს და ხელს უწყობს მათ განვითარებას.

Businesspartner