საზოგადოება
27/09/2020

ომის ვეტერანებს ახალი ჰოსპიტალი მოემსახურება

ომის ვეტერანებს ახალი ჰოსპიტალი მოემსახურება. ვლადიმერ სანიკიძის სახელობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა განახლებული ჰოსპიტალი სპირიდონ კედიას ქ. N7-ში გაიხსნა.

ჰოსპიტალი თანამედროვე სტანდარტებით და უახლესი აპარატურით არის აღჭურვილი, მოიცავს ამბულატორიულ და სამკურნალო-დიაგნოსტიკურ ცენტრს დღის სტაციონარით და ვეტერანებს უსასყიდლოდ მოემსახურება.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ ვლადიმერ იმნაძის ინფორმაციით, ვინაიდან იამანიძის ქუჩაზე მდებარე ვეტერანთა ჰოსპიტლის შენობა აღდგენას აღარ ექვემდებარებოდა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მართვაში მისი გადასვლის შემდეგ, შემუშავდა რეაბილიტაციის სტრატეგიული გეგმა. უწყებას ჰოსპიტლისთვის კედიას ქუჩაზე არსებულ შენობაში 1500 კვ.მ. ფართი თავდაცვის სამინისტრომ გამოუყო, ხოლო სამედიცინო ტექნიკით და აპარატურით გადაიარაღების პროცესში ჰოსპიტალს მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევენ როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე ამერიკელი პარტნიორები.

ჰოსპიტალი ქართველმა სამხედრო ექიმმა, სამედიცინო სამსახურის პოლკოვნიკმა ვლადიმერ სანიკიძემ, 1978 წელს დააარსა. მულტიპროფილური ჰოსპიტლის პერსონალი, ძირითადად, ოფიცრები არიან, მათი უმრავლესობა ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანია.