ოქრო ძვირდება - უნციის ფასმა $1900-ს გადააჭარბა
საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი კვლავ მზარდია. ერთი უნცია ოქროს ღირებულება 1900 დოლარს აჭარბებს, მარტის ბოლოს კი მისი ღირებულება 1680 დოლარს შეადგენდა.
სპეციალისტებს ოქროს ფასებთან დაკავშირებით პროგნოზირება უჭირთ, ამბობენ რომ ოქრო, როგორც ერთ-ერთი საინვესტიციო აქტივი საკმაოდ დიდი მერყეობით გამოირჩევა.
თიბისი ბანკის მთავარი ეკონომისტის თქმით, ოთარ ნადარაიას თქმით, ოქროს ფასები განსაკუთრებული მერყეობით გამოირჩევა და მასთან დაკავშირებით ზუსტი პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია. თუმცა არ არის შორს ის პერიოდი როცა FED-ი (აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემა) დაიწყებს საპროცენტო განაკვეთის ზრდას, ამას კი როგორც წესი, უნდა მოჰყვეს ოქროს ფასის შემცირება.
„ოქროს ფასი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ხშირად ისე ხდება, რომ შეიძლება ოქრო კარგ დროსაც ძვირდებოდეს, რადგან ინფლაციის რისკებია და მისი დაზღვვა ხდება. ასევე, ცუდ დროსაც, რადგანაც ე.წ უსაფრთხო აქტივია და კრიზისების დროს მისი ფასი იზრდება. ერთ-ერთი მთავარი რასთანაც აქვს კავშირი ოქროს ფასს ეს არის FED-ის საპროცენტო განაკვეთი. დოლარის განაკვეთი როცა იზრდება ოქროს ფასი როგორც წესი მცირდება. შეიძლება ითქვას, რომ ოქოს ფასი, მოსალოდნელ ინფლაციასთან და დოლარის განაკვეთთან არის ყველაზე დიდ კოლერაციაში,“ - აღნიშნა ოთარ ნადარაიამ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ოქროს ფასს რამდენიმე ფაქტორი ზრდის. მათ შორის ისიც, რომ ინვესტორები ბოლო დროს ბიტკოინების მიმართ ნდობას კარგავენ და დანაზოგების ჩადებას ოქროში ამჯობინებენ.
„მიმდინარე ოქროს ფასის ზრდაში ბიტკოინსაც აქვს წვლილი. ბოლო პერიოდში ბიტკოინების მიმართ გაჩნდა საკმაოდ დიდი სკეპტიციზმი. მათ შორის ცენტრალური ბანკების მხრიდან, რასაც მეც ვიზიარებ. ბუნებრივია, ინევსტორები, აგრესიული განცხადებების ფონზე, როცა ხედავენ ბიტკოინები ფასების შემცირებას, ოქროში არჩევენ დანაზოგის ჩადებას. რადგან ეს ორი აქტივი შეიძლება ითქვას, რომ ჩანაცვლებადია. საცალო ინვესტორების შემთხვევაში, მაინც თავს უფლებას მივცემ, რომ ვთქვა ფრთხილად იყვნენ, რადგან ეს აქტივები არის ძალიან მერყევი და ჯობია რომ ასეთ აქტივებში დანაზოგის მცირე ნაწილი იყო ჩადებული, რადგან მერყეობა ძალიან დიდია,“ - განმარტა ოთარ ნადარაიამ.
ოქროს ფასის ზრდა პანდემიის პერიოდში დაიწყო. ოქრომ, როგორც ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა საინვესტიციო აქტივმა, თავისი ღირებულების მაქსიმუმს 2020 წლის აგვისტოში მიაღწია. მაშინ ერთი უნცია ოქროს ფასი 2000 დოლარს აჭარბებდა.