ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 70 წლამდე იზრდება
ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 70 წლამდე იზრდება, - პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღეს „ნოტარიატის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება.
კანონპროექტის თანახმად, ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 70 წელი იქნება. კანონის მოქმედი რედაქციით, ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 65 წელია, თუმცა იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია ნოტარიუსის განცხადებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე გაუგრძელოს მას უფლებამოსილების ვადა არაუმეტეს 5 წლით.
„წარმოდგენილი ცვლილება გამორიცხავს არსებული დამატებით მექანიზმის არსებობას. შემოთავაზებული ცვლილებით ჩვენ გთავაზობთ, რომ 70 წელი იყოს ფიქსირებულად განსაზღვრული ზღვრული ასაკი ნოტარიუსისთვის, რათა მან განახორციელოს უფლებამოსილება“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა.