საზოგადოება
26/04/2022

NDI: მოქალაქეთა უმრავლესობა ევროკავშირს ქვეყნისთვის ყველაზე სასურველ პარტნიორად ასახელებს

მოქალაქეთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ბოლო ხუთი წლის მანძილზე რუსეთის გავლენა საქართველოზე გაიზარდა და უკმაყოფილოა ამ ფაქტით.

NDI-ს კვლევის მიხედვით, მომდევნო ერთი წლის მანძილზე მოსახლეობის უმრავლესობა 80% საქართველოში ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებას, 57% პრო-რუსული ძალების გააქტიურებასა და 52% რუსეთის სამხედრო აგრესიას ელის.

ასეთი მოლოდინების ფონზე, მოქალაქეთა უმრავლესობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას კვლავაც მყარად უჭერს მხარს და ევროკავშირს ყველაზე სასურველ ეკონომიკურ და პოლიტიკური პარტნიორად ასახელებს.

კვლევამ აჩვენა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას ჯამში 82% პროცენტი ემხრობა, რის მიზეზადაც, ძირითადად, ეკონომიკურ სარგებელსა და მეტ უსაფრთხოებას ასახელებენ.

საქართველოს მოქალაქეები ფიქრობენ, რომ უკრაინაში ომი რუსეთისა და პუტინის ბრალია. ამასთან, მოსახლეობის აბსოლიტურ უმრავლესობას, 98%–ს, დადებითი დამოკიდებულება აქვს როგორც უკრაინელი ხალხის, ასევე უკრაინის მთავრობის მიმართ.

რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მიგრაციის ფონზე, მოქალაქეების უმრავლესობა რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებასაც ემხრობა.

"კვლევის შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე, საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციის ერთგული რჩება. საზოგადოების ამგვარი თანმიმდევრული განწყობები, ქვეყნის დასავლური კურსის მიმართ, მთავრობის, პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის კონკრეტული ქმედებებისკენ მოწოდებად უნდა იყოს აღქმული.

კვლევიდან ისიც ჩანს, რომ მოსახლეობა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ეკონომიკურ შედეგებზე წუხს. ამის ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა და პოლიტიკოსებმა ძალისხმევა მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხების - სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ფასების ზრდა - მოგვარებისკენ მიმართონ." - აცხადებს ალან გილამი, NDI საქართველოს ოფისის დირექტორი.