საზოგადოება
28/04/2022

ნავთობისა და გაზის კორპორაციამ რაგბის კლუბ "ლელოსთან" თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა და  რაგბის კლუბ „ლელოს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი, რომელსაც ხელი ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბახტაძემ და  „ლელოს“ თავმჯდომარემ, ვასილ კევლიშვილმა მოაწერეს, კორპორაციის მხრიდან კლუბის ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს.

დიდ 10-ში (უმაღლესი ლიგა) მოასპარეზე, მრავალწლიანი ტრადიციების მქონე რაგბის კლუბს მიღწევების მრავალფეროვანი და მდიდარი ისტორია აქვს. იგი სამ სარაგბო ბაზას ფლობს და საქართველოში წლის განმავლობაში ჩატარებულ ყველა ასაკობრივ სარაგბო ფესტივალში იღებს მონაწილეობას.

მემორანდუმის ხელის მოწერის ცერემონიაზე, რომელიც რაგბის კლუბ „ლელოს“ ერთ-ერთ ბაზაზე გაიმართა, ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელმა თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქართული სპორტის კონკრეტული ქმედებებით ხელშეწყობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

"მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე,  რომელიც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას, რაგბის კავშირსა და რაგბის კლუბ „ლელოს“  თანამშრომლობასა და მტკიცე მეგობრობას უყრის საფუძველს. ესაა პირველი ნაბიჯი, რომელიც კორპორაციამ, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქართული სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ფინანსური ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის  მიზნით გადადგა. ამით ჩვენი მოკრძალებულ წვლილი შეგვაქვს სპორტის განვითარებისა და მომავალი თაობების სწორი ფიზიკური აღზრდის უმნიშვნელოვანეს საქმეში.

„რაგბის კლუბ „ლელოს“ უდაოდ საამაყო წარსული, წარმატების მრავალფეროვანი ისტორია და, დარწმუნებული ვარ, ასეთივე პერსპექტიული მომავალი აქვს. შესაბამისად, მასთან თანამშრომლობა, ჩვენთვის, საპატიო მისიაა. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რამხელა მნიშვნელობისაა რაგბი ჩვენი ქვეყნისთვის და რამდენად დიდი მიღწევები აქვთ ჩვენს სპორტსმენებს სპორტის ამ სახეობაში. მინდა „ლელოს“ უდიდესი წარმატება ვუსურვო მომავალ შეჯიბრებებში და იმედი გამოვთქვა, რომ ეს კლუბი კიდევ არაერთ სახელოვან სპორტსმენს აღზრდის“, - განაცხადა გიორგი ბახტაძემ.

მემორანდუმი ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა.