ნათია თურნავა: გაზიფიკაციის პროგრამის ფარგლებში, ბუნებრივ აირს დამატებით 100 000-მდე ოჯახი მიიღებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იმერეთში, სოფლებს შიმშილაქედსა და ახალ სვირს ეწვია, სადაც ცოტა ხნის წინ გაზიფიცირების პროცესი დასრულდა.
“გაზიფიკაციის 3-წლიანი მასშტაბური სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს 400-მდე დასახლებული პუნქტი ჩაერთვება გაზიფიკაციის ერთიან ქსელში და დამატებით 100,000-მდე ოჯახი მიიღებს ბუნებრივ აირს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, არც ერთი დღით არ შეჩერებულა გაზიფიცირების დიდი პროგრამა, მათ შორის იმერეთის რეგიონში.
„ორივე სოფლის მცხოვრებნი კმაყოფილნი არიან, რომ შეუძლიათ, ბუნებრივი აირი მოიხმარონ. სამთავრობო გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ასეთი მასშტაბური ინვესტიციებისა, ბუნებრივ აირზე ტარიფი დარჩეს უცვლელი და სტაბილური,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
აღსანიშნავია, რომ 2019-2021 წლების გეგმის ფარგლებში იმერეთის რეგიონის 7 მუნიციპალიტეტში: ბაღდათში, ხარაგაულში, ვანში, საჩხერეში, ტყიბულში, ზესტაფონსა და თერჯოლაში 26 სოფლის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, ჯამურად აშენდა 374,408 გრძივი მეტრი გაზსადენი, ხოლო 4819 აბონენტი ბუნებრივი აირით სარგებლობას შეძლებს. ამჟამად, გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს 2 მუნიციპალიტეტის (ჭიათურა და ვანი) 5 სოფელში, რომლის დასრულების შემდეგაც დამატებით 792 აბონენტი ჩაერთვება ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში. სამწლიანი გეგმით, იმერეთის რეგიონის 10 მუნიციპალიტეტის 66 სოფლის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები ჩატარდება.