ნათია თურნავა: ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპის ბიუჯეტში 130 მლნ Stopcov-ის ფონდის თანხაა
მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპი წარადგინა.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, ანტიკრიზისული გეგმის მესამე, ახალი ეტაპის მთლიანი საბიუჯეტო პაკეტი 400 მლნ ლარზე მეტია, საიდანაც 130 მლნ ლარი Stopcov ფონდში აკუმულირებული თანხებია.
„400 მლნ ლარში, რომელიც ბიუჯეტიდან იხარჯება ამ პროგრამის დასაფინანსებლად, 130 მლნ ლარი არის Stopcov ფონდში აკუმულირებული თანხები და, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის პირადი შემოწირულობის სახით - 100 მლნ ლარის შენატანი, ასევე სხვადასხვა ქართული ბიზნესის მიერ გაღებული შენატანები. ეს თანხები რამდენიმე მიმართულებით დაიხარჯება, მათ შორის 17 წლის ჩათვლით ბავშვების 200-ლარიან დახმარებაზე“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპის ფარგლებში მთავრობა 17 წლამდე ასაკის ბავშვებზე 200 ლარიან დახმარებას გასცემს, დაფინანსდება სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლა, კვალავინდებურად გაგრძელდება ზამთრის პერიოდში კომუნალური გადასახადების სუბსიდირება.
ზამთრის პერიოდში, 4 თვის განმავლობაში მოხდება გადასახადების სუბსიდირება იმ ოჯახებისთვის, ვინც 200 კუბურ მეტრს გაზზე და 200 კილოვატ ელექტროენერგიაზე ნაკლებს მოიხმარს.