საზოგადოება
14/09/2020

ნათია მეზვრიშვილი: სრული კარანტინის და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება 

სრული კარანტინის გამოცხადება არ იგეგმება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ ვაპირებთ, - აცხადებს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.

ნათია მეზვრიშვილმა საზოგადოებას პირბადეების ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა.

„დღეს მთავრობა სიტუაციას სრულად აკონტროლებს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა და გმართებს განსაკუთრებული სიფრთხილე. მაქსიმალურად თავი უნდა შევიკავოთ არასაჭირო თავყრილობებში მონაწილეობისგან.

მიღებულმა გადაწყვეტილებებმა სოციალური ღონისძიებების - ქორწილების, ქელეხების და სხვა სარიტუალო ღონისძიებების აკრძალვასთან დაკავშრებით გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ დღესაც გვაქვს ისეთი კლასტერები, რომლებიც ქორწილებს უკავშირდება“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, კარანტინის ვადის შემცირებასთან დაკავშირებული რეგულაცია ხვალიდან შედის ძალაში.

 

„ხვალიდან, 15 სექტემბრიდან კარანტინის ვადის შემცირებასთან დაკავშირებული რეგულაცია შედის ძალაში. შეზღუდვებთან დაკავშრებით კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ მთავრობის მიდგომა - თუ საგანგებო მდგომარეობის პირობებში გამოვაცხადეთ სრული კარანტინი, დღეს, როდესაც შემოგვაქვს ესა თუ ის შეზღუდვა, ამას ვახორციელებთ წერტილოვნად, ლოკალურად. შეზღუდვების დაწესების ლოგიკა წინა პერიოდისგან ცოტა უფრო განსხვავებულია. ვაწესებთ შეზღუდვას იქ, სადაც ვირუსის გავრცელება ხდება უფრო მეტად“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

Businesspartner