ნათია მეზვრიშვილი: მინიმუმ 4 000 საწოლი მზადყოფნაშია
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ამბობს, რომ სისტემა მზად არის, რომ ამ რაოდენობის ინფიცირებულებს გაუმკლავდეს.
"კლინიკური მართვის ახალი მოდელი გვაქვს შეთავაზებული, რაც გულისხმობს პაციენტების გადანაწილებას კოვიდ-სასტუმროებში, სახლებსა და საავადმყოფოებში. ვაკეთებთ იმაზე მეტ ტესტს, 60-ჯერ მეტი ტესტი კეთდება დღეში, ვიდრე კეთდებოდა მარტ-აპრილში. დღეს არის დაახლოებით, მინიმუმ 4 000 საწოლი მზად, რომელთა გარკვეული ნაწილი ბუნებრივია დაკავებულია, თუმცა ამოცანა არის, რომ არსებობდეს დაახლოებით 800-დან 1000-მდე თავისუფალი საწოლი", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მისივე თქმით, პანდემიის მართვაში შესაძლოა გარკვეული ხარვეზები არის და ამაზე საუბარს მთავრობა არ გაურბის.
"ყველაფერს ვხედავთ და ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი პროცესშივე მოვაგვაროთ, მთავარია ეს ხარვეზები არ იყოს სისტემური. უბრალოდ ამ ყველაფრის ისე წარმოჩენა, თითქოს სისტემური გარღვევებია და თითქოს პროცესი არ იმართება - ეს არ შეესაბამება რეალობას, ამიტომ მთავრობამ, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრაქტიკულად ინფორმაციის მიწოდება მოხდება საზოგადოებისთვის საგანგებო რეჟიმში, რომ ინტერპრეტაციისთვის არ დარჩეს სივრცე," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მისივე თქმით, დღეს ქვეყანა ბევრად მეტად არის მზად, გაუმკლავდეს გაზრდილი რაოდენობის ინფიცირებულების მკურნალობას, ვიდრე ეს იყო ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე.