მწვანე ნარგავების დაზიანების ან თვითნებურად გაჩეხის შემთხვევაში ჯარიმა 5 000 ლარი იქნება
მწვანე ნარგავების დაზიანების ან თვითნებურად გაჩეხის შემთხვევაში, ასევე, მოვლა-აღდგენის წესების დარღვევისათვის ჯარიმები გამკაცრდა. შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, უკვე ძალაშია.
აღნიშნული წესის დარღვევაზე, პირველ შემთხვევაში, ჯარიმა 500 ლარის ნაცვლად 5 000 ლარი იქნება, განმეორებით ჩადენის შემთხვევაში 1 000 ლარის ნაცვლად ჯარიმა 10 000 ლარით განისაზღვრა.
"ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობას, რადგან ჯანსაღი და მწვანე გარემო პირდაპირ აისახება ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. გვაქვს ბევრი შემთხვევა, როდესაც ჯანსაღ ხეებს ჭრიან, მიზანმიმართულად აზიანებენ, რომ შემდეგ მშენებლობა დაიწყონ", - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მისი თქმით, დედაქალაქში შენობა-ნაგებობის განთავსება საპროექტო ტერიტორიის იმ ნაწილზე, სადაც მწვანე ნარგავების უნებართვო განადგურება მოხდა, დაუშვებელი იქნება.
"პარლამენტმა კანონი უკვე მიიღო და გამოაქვეყნა. შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული გამკაცრებული ჯარიმები ძალაში შევიდა 19 ივლისიდან. მწვანე ნარგავების უკანონო გაჩეხის პრევენციის მიზნით, შესაბამისი ცვლილებების პროექტით ჩვენ ასევე, მივმართეთ საქართველოს მთავრობას, რომელმაც მიიღო დადგენილება. აღნიშნული დადგენილების მიხედვით, დედაქალაქში შენობა-ნაგებობის განთავსება საპროექტო ტერიტორიის იმ ნაწილზე, სადაც მწვანე ნარგავების უნებართვო განადგურება მოხდა, დაუშვებელი იქნება. მსგავს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უნებართვოდ განადგურებულ მწვანე ნარგავებზე მერიის შესაბამისი სამსახური, კომპეტენციის ფარგლებში, ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე და კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღებდა გადაწყვეტილებას მოჭრის ან გადარგვის შესახებ", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.