საზოგადოება
28/09/2020

მსოფლიო ბაზარზე ხორბალი გაძვირდა - გაიზრდება თუ არა პურის ფასი საქართველოში

გაიზრდება თუ არა პურის ფასი საქართველოში - მსოფლიო ბაზარზე ხორბალი 10-15 დოლარით გაძვირდა.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ქვეყანაში არსებული ნედლეულის მარაგები ჯერჯერობით, პურის ფასის შენარჩუნებას უზრნველყოფს. შესაბამისად, ამ ეტაპზე, ხორბალი პურის ქარხნებს წისქვილ-კომბინატებიდან სტაბილურად, ძველი ფასით მიეწოდება.

რაც შეეხება სამომავლო პროგნოზებს, ასოციაციაში ამბობენ, რომ პურის ფასის ცვლილება სამომავლოდ შემოტანილი ნედლეულის ღირებულებაზე იქნება დამოკიდებული.

"ფქვილის ფასი გაძვირებული არ არის, შესაბამისად, დიდი წისქვილკომბინატებიდან პურის დიდ ქარხნებს ფქვილი სტაბილურად იგივე ფასად მიეწოდება, ამ საშუალო შეწონილი ტარიფის მიხედვით დაახლოებით თვენახევარი ვიმუშავებთ," - ამბობს ასოციაციის ხელმძღვანელი.

ლევან სილაგავა ამბობს, რომ ახალი შემოტანილი ხორბლის ფასი განსაზღვრავს ფქვილის ფასს, თუმცა ვარაუდობს, რომ ის ფქვილის ფასზე კრიტიკულად არ აისახება, ზრდა 1-2 ლარის ფარგლებში იქნება, რას მისივე თქმით, საბოლოო პროდუქტისთვის კრიტიკული ფასი არ არის.