საზოგადოება
27/06/2023

მშვიდობის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო და აგვისტოში დასრულდება

დედაქალაქში არსებულ მშვიდობის ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, რეაბილიტაციის საჭიროება ხიდის მარცხენა სანაპიროს ბურჯის ზედაპირის ბეტონის დაზიანებამ განაპირობა.

„დავიწყეთ მშვიდობის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები. რეაბილიტაციის საჭიროება განაპირობა ხიდის მარცხენა სანაპიროს ბურჯის ზედაპირის ბეტონის დაზიანებამ, რაც საჭიროებს აღდგენას.  რეაბილიტირდება სავალ ნაწილზე არსებული დეფორმირებული კიბეები. დასაჭიმია საკიდები დაკიდებულ ხიდზე, რაც იწვევს არათანაბარ დატვირთვას. ხიდის საკიდების ერთგვაროვნად დაჭიმვის მიზნით, მოეწყობა შესაბამისი კონსტრუქციები და ჩაუტარდება რეაბილიტაცია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, რეაბილიტაციის პროცესში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხიდი  ჩაიკეტება.

„სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოების მიზნით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩაიკეტება ხიდი.  გადაადგილების  შეზღუდვის ვადის შესახებ მოსახლეობას დამატებით ეცნობება. აღნიშნული ხიდით ბევრი ადამიანი სარგებლობს. ამიტომ, აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების გათვალისწინება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის ღირებულება 1 400 000 ლარს შეადგენს, სარეაბილიტაციო სამუშაოები კი მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.

„ხიდის სიგრძე 200 მეტრამდეა. სამუშაოების ფარგლებში, განათებები მთლიანად შეიცვლება, რადგან დაზიანებულია. პროექტის ღირებულება შეადგენს 1 400 000 ლარს, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას კი მიმდინარე წლის აგვისტოში ვფიქრობთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

Businesspartner