მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება მარტივდება
მშენებლობადამთავრებული ობიექტების, გარკვეული პირობებით, ექსპლუატაციაში მიღება ხდება შესაძლებელი, - წესი დედაქალაქის მერიის ინიციატივით პარლამენტის მიერ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად შევიდა.
კახა კალაძის თქმით, ექსპლუატაციაში მიიღება მხოლოდ ისეთი შენობა-ნაგებობები, რომლებიც შესაბამისი საექსპერტო დასკვნების მიხედვით აკმაყოფილებენ უსაფრთხოების სტანდარტებს.
„დედაქალაქის ერთ-ერთ უდიდეს პრობლემას და გამოწვევას წარმოადგენდა მშენებლობადამთავრებული ობიექტები, რომლებიც ექსპლუატაციაში არ იყო მიღებული. სამწუხაროდ, ათწლეულების განმავლობაში ცხოვრობდნენ ადამიანები ასეთ კორპუსებში. ამის მიზეზი კი გახლდათ სამშენებლო კომპანიების/მშენებლების მიერ მშენებლობების წარმოება კანონმდებლობის დარღვევით, რათა მათ მეტი სარგებელი მიეღოთ. ამ პროცესით კი საბოლოოდ მხოლოდ იქ მცხოვრები ადამიანები ზარალდებოდნენ, რადგან „მშენებარე ობიექტის“ სტატუსის მქონე მათი ქონება არ ქმნის საკუთრების სრულფასოვნებას და უფლებრივად არის ყოველთვის ნაკლიანი. ასევე, ექსპლუატაციაში მიუღებლობის გამო, მობინადრეები ვერ ქმნიან ამხანაგობებს და ვერ სარგებლობენ მუნიციპალიტეტში არსებული „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით“, რა დროსაც გამგეობები 100%-ით აფინანსებენ მცხოვრებლებისთვის საჭირო სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს კორპუსში.
პრობლემის გადაჭრის მიზნით, ჩვენი ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა განახორციელა ცვლილებები „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“.
ცვლილებების მიხედვით, შესაძლებელი გახდა ექსპლუატაციაში ისეთი შენობა-ნაგებობების მიღება, რომლებიც 2020 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით უკვე დასრულებულია და ამავე დროს ნაწარმოებია სანებართვო პირობების დარღვევით, მაგალითად დარღვეულია K1, K2, K3 პარამეტრები ავტოსადგომების რაოდენობა, სიმაღლის რეგულირების ხაზი და ა.შ.“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ აღნიშნული პრობლემის მქონე მოქალაქეებს შესაძლებლობის გამოყენებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მერიაში წარდგენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„კანონის მიხედვით, ასეთი შენობების ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, მერიისათვის განცხადებით მიმართვის ვადად განისაზღვრა 2 წელი. უნდა აღინიშნოს რომ განცხადებების მიღების ვადის ერთი წელი უკვე გავიდა ივლისის ბოლოს, ამ დროისათვის მერიას მომართა 667-მა პირმა და დღეის მდგომარეობით, უკვე 167 ობიექტი იქნა მიღებული ექსპლუატაციაში. მიმდინარეობს რამდენიმე ასეული განცხადების განხილვა“, - აღნიშნა კალაძემ.