საზოგადოება
04/05/2022

მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად ახალი პროგრამა ამოქმედდება

თბილისის მერია მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის  მქონე სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით, ახალ პროგრამას იწყებს.

თბილისის მერის განცხადებით, დაფინანსდებიან ის სტუდენტები, რომელთაც განცხადების შეტანის მომენტისთვის თბილისში რეგისტრაცია არანაკლებ ბოლო 6 თვის განმავლობაში უფიქსირდებათ. 

მისივე თქმით, სტუდენტების დაფინანსების გაცემა სემესტრულად, წელიწადში ორჯერ მოხდება. 

მერის ინფორმაციით, იქნება 100%-იანი, 70%-იანი დაფინანსებები.

"უახლოეს მომავალში მივმართავთ თბილისის საკრებულოს, რომ განახორციელონ სტუდენტთა დაფინანსების წესში შესაბამისი ცვლილებები, რომ მაისში შევძლოთ განცხადებების მიღება", - აღნიშნა  თბილისის მერმა. 

დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკული ქულებზე:

90-ზე მეტი - 100  ქულის ჩათვლით, სემესტრული თანხის 100% (1 125 ლარი);    მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი  და მეტი შვილი) წევრი სტუდენტებისთვის და  შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (ზომიერად,  მნიშვნელოვანად და მკვეთრად გამოხატული შეზღუდვა) სტუდენტებისთვის;

70-ზე მეტი -  90   ქულის  ჩათვლით,  სემესტრული თანხის 100%  (1 125 ლარი) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის,  ხოლო სემესტრული თანხის 70% (787.5 ლარი) მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის;

70-ის    ტოლი და  ნაკლები  ქულის  შემთხვევაში, სემესტრული თანხის  70% (787.5 ლარი) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  სტუდენტებისთვის, ხოლო სემესტრული თანხის 50%  (562.5 ლარი) მრავალშვილიანი  ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და ზომიერად გამოხატული შეზღუდული   შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის.