საზოგადოება
13/02/2023

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რეაბილიტაცია 2024 წელს დასრულდება

თბილისის განვითარების ფონდი, პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სრული რეაბილიტაცია 2024 წელს დასრულდება. 

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან - ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო და აღნიშნა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ ეტაპზე აქტიურ ფაზაშია. 

„მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პირველი, რაც დასრულდა, იყო ცენტრალური შენობის ფასადის რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე, მთლიანად განახლებულია ბ ბლოკი;

დარჩენილია გაგრილების სისტემის მონტაჟი და მომდევნო კვირაში ესეც გაკეთდება. პარალელურად მიმდინარეობს ცენტრალური შენობა-ნაგებობის შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. გვახსოვს, როდესაც პირველად მოვედით აქ, რა ვითარება იყო, მათ შორის, იმ ცნობილ, სარკეებიან ოთახში, რომლითაც ყველა ვამაყობთ. ეს დარბაზი, რომელიც ახლა რეაბილიტირებულია, იყო უმძიმეს მდგომარეობაში. წყალი ჩამოდიოდა, კედლები დაზიანებული იყო და ძალიან სასიამოვნოა იმის ყურება, თუ როგორ მუშაობენ თითოეულ დეტალზე და რამხელა ყურადღება ეთმობა ავთენტურობის დაცვას.

ვფიქრობთ, 2024 წელს მთლიანად დავასრულოთ სამუშაოები. პარალელურად მზადდება ეზოს რეაბილიტაციის პროექტი. ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელსაც არაერთი თაობა გაუზრდია და მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქისთვის, სრულად განახლდება. მადლობა თითოეულ თანამშრომელს, ყველა იმ ადამიანს, ვინც 24-საათიან რეჟიმში აკვირდება ამ პროცესს, მადლობა სამშენებლო კომპანიას. მართლაც, ძალიან კარგად მიმდინარეობს სამუშაოები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს საინჟინრო ქსელების მოწესრიგებას; 9 აპრილის ქუჩის მხარეს მდებარე მაღალი საყრდენი კედლის გამაგრებას; საძირკვლის  გაძლიერების სამუშაოებს; შენობის ინტერიერში ოთახების სარესტავრაციო-სარემონტო სამუშაოებს; მხატვრულ-დეკორატიული დარბაზების საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს; კარ-ფანჯრების განახლებას პირვანდელი სახით; დაზიანებული დეკორატიული ბალუსტრადის რესტავრაციას; შენობის, ეზოსა და ღობეების სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

ამ დროისათვის დასრულებულია სასახლის ბ ბლოკის სარესტავრაციო სამუშაოები, რაც მოიცავს ბ ბლოკის მიწისქვეშა კომუნიკაციების, შიდა სივრცისა და ფასადის სამუშაოებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის ა ბლოკის დარბაზების სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე, სასწავლო სივრცეების სადემონტაჟო და სარემონტო სამუშაოები.