საზოგადოება
18/02/2021

"მნიშვნელოვანი მომენტია - პარტიულ ინტერესებს გადააყოლონ ქვეყანა, თაობები არავის აპატიებს"

კერძო სექტორის ნაწილისთვის გიორგი გახარიას გადაწყვეტილება მოულოდნელი არ აღმოჩნდა.

“დიოს” მმართველი პარტნიორი, თამაზ დაუშვილი “ბიზნესპარტნიორთან” განმარტავს, რომ არჩევნების შემდეგ, დაძაბული პოლიტიკური გარემო მსგავსი ამ ნაბიჯის ერთ-ერთი წინაპირობა იყო.

“ეს გადაწყვეტილება შესაძლებელია, მოსალოდნელიც ყოფილიყო. ბოლო პერიოდში ყველა ვხედავთ, არჩევნების შემდეგ როგორი დაძაბული პოლიტიკური გარემოა. ყველას ჰქონდა მოლოდინი, რომ არჩევნების შემდეგ დაძაბული სიტუაცია განიმუხტებოდა და კოალიციური მთავრობის სახით ახალ რეალობას მივიღებდით. ეს უფრო სწორად წარმოადგენდა მოსახლეობის განწყობას. სამწუხაროდ, შედეგად მივიღეთ ბევრი შეკითხვა. წელს საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ და ეს იქნებოდა ძალიან კარგი საჩუქარი. მივიღებდით რეალურად პლურალისტურ გარემოსა და პარლამენტს. ისე, როგორც ყველა ნორმალურ ქვეყანაშია”,- აღნიშნა დაუშვილმა.

ბიზნესმენი აცხადებს, რომ ქვეყანა რთული ეკონომიკური ვითარების წინაშეა.

“გაურკვევლობაა ეპიდემიოლოგიური ვითარებაც. ჯერ არ არის ცნობილი, როდის შემოვა ვაქცინა, რამდენად გამოიღებს შედეგს ეკონომიკის გახსნა. ბევრი გამოწვევაა და საჭიროა არა ცალ-ცალკე ბრძოლა, არამედ გაერთიანება. აუცილებელია, რაც შეიძლება მალე მიაღწიონ კონსესუსს.
ეს არის ახალი სივრცე ორივე მხარის დასაფიქრებლად. შესაძლებელია, ვიღაც ადამიანმა კანონი დაარღვია, თუმცა მთავრობას ყოველთვის აქვს შესაძლებლობა უფრო ლოიალური გადაწყვეტილება მიიღოს, თუ ეს ქვეყანას სჭირდება. პრემიერის ეს ნაბიჯი ნიშანი უნდა იყოს მთავრობისთვის, რომ მალე დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და იხელმძღვანელონ არა პირადი ინტერესებით, არამედ ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან. მე, როგორც რიგითი მოქალაქე და ბიზნესმენი ამას ვითხოვ მთავრობისგან, რომ არ არის კინკლაობის დრო. შეიძლება უფრო დამძიმდეს ვითარება”,- ამბობს დაუშვილი.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში სახელმწიფოსთვის ეკონომიკურმა ინტერესებმა უკანა პლანზე გადაიწია.

“ეკონომიკამ გადაინაცვლა მეორე, მესამე, მეოთხე პლანზე და ეს ყველა ეკონომიკურ პარამეტრებში ჩანს. ეს არ არის მხოლოდ პანდემიის ბრალი. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომ ჩვენს ქვეყანაში ახალი სიცოცხლე დაიწყოს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საზოგადოებამ ამოისუნთქოს.

ძალიან სიმბოლური თვეა - გასაბჭოების თვე. 1 თვეში 30 წელი სრულდება, რაც რეფერენდუმი ჩატარდა და ეს ემოციები ყველას კარგად გვახსოვს. ამის არ დავიწყება და ის, რომ პოლიტიკურ, ვიწრო პარტიულ ინტერესებს გადაყვეს ქვეყნის ინტერესები, ეს ძალიან დიდი დანაშაული იქნება. შემდგომი თაობა იმ თაობას, რომელიც ახლა გადაწყვეტილების მიმღებია, ნამდვილად არ აპატიებს”,- ამბობს ბიზნესმენი.