Metro Logistics-მა ინოვაციური პროექტი "ლოგისტიკის აკადემია" შექმნა
“ლოგისტისკის აკადემია“ Metro Logistics–ის ინოვაციური პროექტია, რომელიც მსმენელებს საშუალებას აძლევს შესყიდვების, საერთაშორისო გადაზიდვებისა და ლოგისტიკური პროცესების სრული ციკლის შესახებ ცოდნა დარგის მოქმედი სპეციალისტებისგან მიიღონ.
კომპანიის დირექტორისა და დამფუძნებლის, თემო გუმბერიძის თქმით, ლოგისტიკის სფეროში კადრების ნაკლებობაა, რასაც სუსტი აკადემიური სწავლებაც განაპირობებს, ამიტომ Metro Logistics-მა გადაწყვიტა ინოვაციური პროექტი “ლოგისტიკის აკადემია“ შეექმნა.
"პირველი ნაკადის მიღება ინვისში გამოვაცხადეთ და 150 განმცხადებლისგან 25 მსმენელი ავარჩიეთ, რომელთა სწავლის პროცესი ახლა მიმდინარეობს. 14 საათიანი კურსი, რომელიც 3 შეხვედრას მოიცავს თემატურადაა დაყოფილი. კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები, რაც სამომავლოდ დასაქმებაში დაეხმარებათ და ე.წ რეკომენდაციის დანიშნულებაც ექნება, რადგან არაერთ საერთაშორისო კომპანიასთან ვთანამაშრომლოობთ. სამომავლოდ, ვგეგმავთ გადავიდეთ ინტენსიურ სწავლებაზე, მეთოდი დარჩება იგივე, თუმცა შემდეგი ნაკადის დროს უფრო მეტ დეტალსა და საკითხებს ჩავუღრმავდებით,“ – აღნიშნავს თემო გუმბერიძე.
კომპანია დაახლოებით ივლისის მეორე კვირიდან რამდენიმე ნაკადს მიიღებს. დაინტერესებულ პირებს მარტივი სარეგისტრაციო ფორმის შევსება მოუწევთ. აღსანიშნავია, რომ ლოგისტიკის სფეროში გამოცდილება აუცილებელ მოთხოვნას არ წარმოადგენს.
“ლოგისტიკის აკადემიის“ საპილოტე ვერსია სრულიად უფასოა, ხოლო შემდეგი ნაკადისთვის იქნება ფასიანი, სავარაუდოდ 300–400 ლარის ფარგლებში, რომ შევძლოთ აკადემიური პერსონალის ხარჯის დაფარვა, რადგან პროექტი კომპანიისთვის ფინანსურ მოგებას არ წარმოადგენს,“ – აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
ინფორმაციისთვის, კომპანია Metro Logistics დაახლოებით 4 წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და 89 ქვეყანაში 400–მდე სააერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელია.