მერიას ბუკიას ბაღის ტერიტორიის კერძო მესაკუთრეებიდან გამოსყიდვა სურს
თბილისის მერია ბუკიას ბაღის რეაბილიტაციას მომავალ წელს გეგმავს.
კახა კალაძის თქმით, ბიუჯეტში შესაბამისი თანხები უკვე გაწერილია.
"ტერიტორია, სამწუხაროდ, მოიცავს სივრცეებს, რომელიც დიდი ხნის წინ გასხვისებულია და კერძო საკუთრებაშია. მნიშვნელოვანია, რომ ეს სივრცეები ისევ დაუბრუნდეს მუნიციპალიტეტს, მოწესრიგდეს და განახლდეს ერთიანი გეგმით და ხედვით.
დღეს, თუ არ ვცდები, ეს კონკრეტული ტერიტორია შემოღობილია. ეს უნდა იყოს სივრცე, სადაც ყველა ადამიანს ექნება შესაძლებლობა, დაისვენოს, განიმუხტოს, გაერთოს. ჩვენს ქალაქს დღეს ყველაზე მეტად სჭირდება მწვანე სივრცეების არსებობა. შესაბამისად, ამ ბაღის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მერმა შესაბამის უწყებებს დაავალა, დაეხმარონ საბურთალოს გამგეობას, რათა აღნიშნული კერძო საკუთრება დროულად გამოისყიდონ.