საზოგადოება
29/04/2023

"მერიამ ტაქსების მძღოლებისთვის სავალდებულო ნარკოლოგიური შემოწმება უნდა შემოიღოს"

ტაქსების რეფორმა მხოლოდ ლიცენზირებით არ უნდა შემოიფაგლებოდეს და მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანისთვის აუცილებელია მძღოლების პერიოდული სავალდებულო ნარკოლოგიური შემოწმების შემოღება. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ტაქსის კომპანია „კომფორტ-ტაქსის“  დამფუძნებელმა ლევან თავართქილაძემ განუცხადა.

„მძღოლებისგან მერია უნდა ითხოვდეს ნარკოლოგიურ შემოწმებას. ამის შესახებ კახა კალაძეს დარგის წარმომადგენლებმა ჩვენი პოზიცია ჯერ კიდევ წლების წინ, მასთან გამართულ შეხვედრაზე გავაცანით და დღემდე ამას ვითხოვთ, თუმცა, ჯერჯერობით საკითხი არ დგას დღის წესრიგში. პირველ ეტაპზე, მძღოლების ნარკოლოგიური შემოწმება 2 წელიწადში ერთხელ უნდა მოქმედებდეს, შემდეგ კი ეს პერიოდი 6 თვემდე დავიდეს. როდესაც ადამიანი ტაქსის ლიცენზიას იღებს, რაღაცის კონტროლი უნდა იყოს. მგზავრობა უსაფრთხო უნდა იყოს. როცა  ტურისტი ჩაჯდება ტაქსში, უნდა იგრძნოს, რომ დალაგებულ ქვეყანაშია,“ - აცხადებს თავართქილაძე.

თბილისში ტაქსების რეფორმა 2019 წლიდან დაიწყო. განისაზღვრა ტაქსების A (თეთრი ფერის) და B (მხოლოდ აპლიკაციებით მომუშავე) კატეგორია. ავტომფლობელებმა ტაქსის სერვისის მიწოდების მიზნით ლიცენზია მერიისგან  უნდა აიღონ. მიმდინარე წლის აპრილიდან კი მუნიციპალიტეტმა ლიცენზიების გაცემა შეწყვიტა და ლიცენზიების გაყიდვის ან გაქირავების უფლება მათ მესაკუთრეებს აქვთ.

 

Businesspartner