საზოგადოება
15/09/2023

მერაბ ჭითანავა: საქართველოში თხილის ხარისხი ძალიან დაბალია

წელს, საქართველოში თხილის მოსავალი შარშანდელს რაოდენობრივად გადააჭარბებს, თუმცა გამოწვევად რჩება ხარისხი. 

როგორც თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მერაბ ჭითანავა აცხადებს, ყველაზე მეტი მოსავალი სამეგრელოში მიიღეს. 

"მოსავლის რაოდენობამ ზოგიერთ რეგიონში 15-20%-ით მოიმატა, თუმცა თხილის ხარისხი ძალიან დაბალია. წინა წელთან შედარებით მეტი მოსავალი სამეგრელოშია. ასევე იმ ბაღებში, სადაც ფერმერებმა თავის პლანტაციებს მოუარეს, უკეთესი შედეგი აქვთ, როგორც რაოდენობრივად, ისე ხარისხობრივად. გურიაში გარკვეულ ჯიშებს რაოდენობრივად პრობლემები აქვთ. 

ახლა თხილის პირველი ნაკადი, რომელიც ბაზარზე სარეალიზაციოდ წამოვიდა, ძალიან დაბალი ხარისხის არის. ეს არის იმ ფერმერების პროდუქცია, რომლებმაც წამლობები არ ჩაატარეს", - აცხადებს ასოციაციის ხელმძღვანელი "ბიზნესი რუსთავი 2"-ის ეთერში. 

მისი თქმით, არც 2022 წელს მიუღიათ კარგი ხარისხის თხილი, თუმცა წელს შედეგი 10%-ით არის გაუარესებული. 

"მსოფლიოში კლიმატი შეცვლილია, ნალექის რაოდენობამ, ბოლო 3 წლის განმავლობაში, მოიმატა, ხშირად წვიმს განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, რაც თხილის ხარისხზე უარყოფითად აისახება. თუმცა განსხვავებაა იმ ფერმერების თხილს შორის, რომლებმაც სრულყოფილი წამლობა ჩაატარა და ვინც მხოლოდ 2 ან 3 წამლობა ჩაატარა",- აღნიშნა მერაბ ჭითანავამ. 

agropartner.ge