მელიქიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა მთაწმინდის რაიონში, მელიქიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო.
თბილისის მერის განცხადებით, სამუშაოების პირველი ეტაპი მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლას მოიცავს, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია.
"გაუბედურებული და განადგურებული იყო ყველა არსებული კომუნიკაცია. იქ, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოებით შევდივართ, პირველ ეტაპზე, გვინდა, რომ კომუნიკაციების თვალსაზრისით, ყველაფერი იყოს მოწესრიგებული", - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება გამწვანება, დამონტაჟდება განათების ბოძები. ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება. თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ არსებული მოედანი მთლიანად გადაკეთდება, ასევე, გაჩნდება საავტობუსე ზოლები.
"საკმაოდ საინტერესო პროექტია, რომელიც ჭავჭავაძის გამზირის გაგრძელებაა. სამუშაოების დასრულებას, დაახლოებით, ნოემბერში ვგეგმავთ, რომლის შემდეგაც, ავტომობილებით გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი. მომავალ წელს კი ვგეგმავთ კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სარეაბილიტაციო არეალი ვარაზისხევიდან ჭოველიძის ქუჩის შესახვევამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს. პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6 388 000 ლარით ფინანსდება.