მამუკა მდინარაძე: წყლის დაგუბება მონიტორინგის შესაბამის სისტემას არ დაუფიქსირებია
უკვე ახალ კამპანიას ვადევნებთ თვალყურს თითქოს, წინა დღეებში რაღაც დაფიქსირდა და ამაზე ხელისუფლებამ რეაგირება არ მოახდინა. ესეც ცალსახა დეზინფორმაციაა, რომლის წინააღმდეგაც ბრძოლა გვიწევს, ესეც უნდა იყოს პასუხგაცემული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ შოვში მომხდარი ტრაგედიის შესახებ საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მდინარაძემ განმარტა, ქვეყანაში არსებობს 200-მდე სადგური, რომელიც წყლის დონის მონიტორინგს ახორციელებს და წყალმწომებმა ვერ დააფიქსირეს წყლის დონის ცვლილება. მან დეზინფორმაცია უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ რომ მოხდა წყლის დაგუბება, ვინაიდან მონიტორინგის შესაბამის სისტემას არც ეს ფაქტი დაუფიქსირებია.
„ჩვენ ისეთ დეტალებში გავერკვიეთ ამ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაშიც ბუნებრივია, მე პირადად მანამდე არ ვიყავი გარკვეული. ორი დღეა კომუნიკაცია გვაქვს ჰიდროლოგებთან, გეოლოგებთან და ჩვენთვის რომ სიახლეა, ისეთ დეტალებში ჩავედით. მაგალითად, ქვეყანაში 200-მდე სადგური არსებობს წყლის მონიტორინგის ერთიანი სისტემის ფარგლებში, საიდანაც გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, გვეუბნებიან, რომ წყალმზომებმა ვერ დააფიქსირეს წინა დღის განმავლობაში, წყლის დონის ვერანაირი მატება ან კლება. დეზინფორმაციაა ისიც, რომ იქ დაგუბება იყო. ხან იძახიან, რომ წყლის დონე მატულობდა - არც ერთი და არც მეორე, შესაბამისი მონიტორინგის სისტემას არ დაუფიქსირებია. უამრავი ასეთი დეზინფორმაციაა, რომელსაც, სამწუხაროდ აქვს კამპანიური ხასიათი. ყველა მათგანს გაეცემა პასუხი, მაგრამ დღეს, როდესაც ასეთი ტრაგედია ტრიალებს, როდესაც ამ სტიქიის შედეგებს ებრძვის სახელმწიფო, არ უნდა გვჭირდებოდეს პარალელურ რეჟიმში დეზინფორმაციასთან ბრძოლა, არ უნდა გვჭირდებოდეს ამ თემებზე საუბარი.“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.