საზოგადოება
16/05/2022

მალხაზ დოლიძე: როცა დაინახეს რომ ხორბალი არ არის, ფქვილის შემომტანებმა ფასი გაზარდეს

მას შემდეგ, რაც, ქვეყანაში ხორბლის მარაგთან დაკავშირებით პრობლემა შეიქმნა, ფქვილის იმპორტიორებმა ფასი გაზარდეს. 

"საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის" თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის განცხადებით, 72 და 73 ლარის ნაცვლად ფქვილი 75 ლარად იყიდება, რამაც პურის გაძვირება გამოიწვია. 

სამომავლოდ გაიზრდება თუ არა პურის ფასი კიდევ, მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ ამის პროგნოზი რთულია. თუმცა, ფასის ზრდას თვის ბოლომდე გამორიცხავს. 

"მცურავი საბაჟო გადასახადი დაუწესეს ხორბალს და არა ფქვილს. ამან ხორბალზე გარკვეული პრობლემები ნამდვილად შექმნა. რაც შეეხება ფქვილს, შემოდის, საკუთარი თვალით ვნახე ფქვილით დატვირთული ტრაილერები. 

როდესაც დაინახეს, რომ ხორბალი არ არის, ფქვილის შემომტანებმა ღირებულება გაზარდეს. 72 და 73 ლარის ნაცვლად 75 ლარზე ნაკლებად აღარ ყიდიან. ეს პურის მცხობელისთვის ძალიან ცუდია. 

პურის ფასი თვის ბოლომდე არ გაიზრდება, შემდეგ არ ვიცი", - აღნიშნა მალხაზ დოლიძემ.