ლოტკინზე ახალი დასასვენებელი სივრცე მოეწყო
ლოტკინზე, კიშინიოვის N24-ში ახალი სპორტული მოედნები და სკვერი მოეწყო.
კახა კალაძე ქალაქში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა-განახლებას ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების წინაპირობად მიიჩნევს.
„ჩვენი პრიორიტეტია, რაც შეიძლება ბევრი რეკრეაციული სივრცე შევქმნათ ქალაქში. კარგია, რომ საპარკე კულტურა შემოდის და ახლა, მიუხედავად ზამთრისა, მსგავს სივრცეებში უამრავი ადამიანი სეირნობს, ვარჯიშობს. ამ პანდემიის პირობებში, მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი. მიხარია, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ არსებული პარკების რეაბილიტაციისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრი მწვანე სივრცე შევქმნათ ქალაქში, რომლითაც უფრო მეტი ადამიანი ისარგებლებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ლოტკინზე მოწყობილი რეკრეაციული სივრცის ფართობი დაახლოებით, 6 000 კვადრატული მეტრია.
პარკში ახალი ხე-მცენარეები დაირგო, განახლდა ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები, მოეწყო ტრიბუნები და ველობილიკი. ასევე, ბავშებისთვის მოეწყო ქვიშის მოედანი და დამონტაჟდა ატრაქციონები. გაკეთდა დასასვენებელი პავილიონი. მოეწყო სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, საპარკე ინფრასტრუქტურა. მოიხატა კედლები და შესრულდა გამწვანების სამუშაოები.