საზოგადოება
29/10/2020

"ლოქდაუნი აღარ გვინდა და მთავრობამ რადიკალურ ზომებს რომ არ მიმართოს რეგულაციები უნდა დავიცვათ"

კიდევ ერთი ლოქდაუნი არ გვჭირდება, თუმცა იმისთვის რომ მთავრობამ რადიკალურ ზომებს არ მიმართოს აუცილებელია რეგულაციები დავიცვათ, - ამის შესახებ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორის ოთხეული“ აკაკი ზოიძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ჩაკეტვები უკიდურესი ზომაა, რომელიც თავიდან ვერ იქნება აცილებული თუ შეზღუდვებს მოქალაქეების პასუხისმგებლობით არ მოეკიდებიან.

„მთავრობამ შეიძლება აირჩიოს აკრძალვის უკიდურესი ზომები მხოლოდ იმიტომ რომ სამოქალაქო პასუხიმგებლობის გარეშე ყველაფრის გაკონტროლება შეუძლებელია. მაგალითისთვის ავკრძალეთ ქორწილები, თუმცაღა გამოსავალი მაინც იპოვეს მოქალაქეებმა და ის შედეგი რაც უნდა დამდგარიყო ვერ დადგა. საყოველთაო ლოქდაუნი ქვეყანას არ სჭირდება, მაგრამ არ უნდა ვაიძულოთ მთავრობა რომ საყოველთაო შიშის და პანიკის გამო ამ ზომებზე წავიდეს,“ - ამბობს აკაკი ზოიძე,

აქვე ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტმა გრიპის სეზონზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დეკემბერი ამ მხრივ ყველაზე კრიტიკული იქნება. მისი განმარტებით, კორონავირუსის და გრიპის პიკური ფაზები ერთმანეთს ემთხვევა და გარკვეულწილად ეს პრობლემებს შექმნის. თუმცა აკაკი ზოიძის მტკიცებით, პოზიტიურ სცენარში სადაც მოქალაქეები დისტანციის დაცვას და პირბადის ტარებას შეძლებენ ეს კრიზისი თავიდან იქნება აცილებული. ამის მიზეზი კი ის იქნება, რომ პირბადე და დისტანცია კორონავირუსის გარდა გრიპის შემთხვევების გავრცელების პრევენციასაც შეუწყობს ხელს.

 

Businesspartner