"ლისის ტბის მიმდებარედ განაშენიანების გეგმის გარეშე მშენებლობა ვერ განხორციელდება"
ლისის ტბის მიმდებარე კერძო ტერიტორიების სამშენებლო განვითარება მხოლოდ გარემოსდაცვითი ინტერესების გათვალისწნებით მოხდება.
კახა კალაძე ამბობს, რომ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის ეკოსისტემის დაცვისა და ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს ჩამოყალიბების მიზნით, თბილისის მერიის დაკვეთით ჩატარებული კვლევების შედეგად მიღებული რეკომენდაციები დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში აისახება.
მერს მიაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება უზრუნველყოფს კერძო პირების საკუთრების უფლების დაცვას ისე, რომ არ დაზიანდეს ტბის მიმდებარე ტერიტორიის ეკოსისტემა.
"მერიის დაკვეთით, მიმდინარეობდა ლისის ტბის აუზის გარემოსდაცვითი და ქალაქმშენებლობითი ინტენსიური კვლევები, რომლის მიზანიც იყო, გამოეკვლია და დაეზუსტებინა როგორ იქნებოდა შესაძლებელი უსაფრთხო და ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შექმნა. ეს არის სივრცე, სადაც უამრავი კერძო ნაკვეთია და ჩვენ გარკვეულ უკმაყოფილებას წავაწყდით. მათ ჰქონდათ კერძო საკუთრება და მშენებლობის განხორციელების სურვილი, მაგრამ ამის საშუალებას არ ვაძლევდით. მესმის ამ ადამიანების, მაგრამ ჩვენ უნდა დავიცვათ, როგორც კერძო მესაკუთრის, ასევე, დედაქალაქის ინტერსები და მისი ურბანულად სწორი განვითარება უნდა მოხდეს", - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გარეშე, ვერცერთი მშენებლობა ვერ განხორციელდება.