ლევან დავითაშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ-ს ეწვევა
9-11 მაისს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ-ს ეწვევა და შეხვედრებს გამართავს სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ლევან დავითაშვილის შეხვედრა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელთან, ქეთრინ თაისთან, აგრეთვე მაღალი დონის შეხვედრა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციაში.
ვიცე-პრემიერი ასევე შეხვედრებს გამართავს აშშ-ის კონგრესში, სადაც განხილული იქნება ორი ქვეყნის თანამშრომლობის პრიორიტეტული პოლიტიკური საკითხები.
ვიზიტი ასევე ითვალისწინებს ლევან დავითაშვილის შეხვედრებს აშშ - ის კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, მათ შორის, ვიცე-პრემიერი მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრას გამართავს ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრ კომპანიებთან, სადაც განხილული იქნება საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები და აშშ - საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობის აქტუალური საკითხების ფართო სპექტრი. ასევე დაგეგმილია შეხვედრები აშშ - ის ექსპორტ-იმპორტის ბანკსა და აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში. გარდა ამისა, გაიმართება შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელ ჯეიმს ჯონთან.