ლევან დავითაშვილი: საქართველოსა და აშშ-ს შორის ასეთი მჭიდრო ურთიერთობები აქამდე არასდროს ყოფილა
"საქართველოსა და აშშ-ს შორის ასეთი მჭიდრო ურთიერთობები აქამდე არასდროს ყოფილა და ეს არის თანამშრომლობაში ახალი შესაძლებლობების დასაწყისი"-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
„მსურს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამერიკის ხალხს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე - ეს მართლაც ღირშესანიშნავი თარიღია დემოკრატიული სამყაროსთვის, დემოკრატიული ღირებულებების წახალისებისა და გაძლიერების კუთხით და რა თქმა უნდა, ბედნიერები ვართ, რომ შეგვიძლია ამ ზეიმის მონაწილეები ვიყოთ“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აშშ-ის დამოუკიდებლობის 246-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც საქართველოში აშშ-ს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა. როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს საზოგადოება ამერიკელ ხალხთან ერთად ზეიმობს იმ ძირითად ღირებულებებს, რომლებსაც სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად იზიარებს.
ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს საქართველოს სუვერენიტეტისა და ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, ქართველი ხალხისთვის დამოუკიდებლობა და თავისუფლება არის ის ღირებულებები, რისთვისაც ქვეყანა საუკუნეების მანძილზე იბრძოდა.
„წელს ასევე აღვნიშნავთ აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს. მსურს ხაზგასმით განვაცხადო, რომ შეერთებული შტატების როლი საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებაში, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარებაში, ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე გადამწყვეტი იყო. შეერთებული შტატები დაგვეხმარა ჯანდაცვისა და განათლების სისტემის გაძლიერებაში, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მრავალი სხვა სფეროს განვითარებაში - ქვეყნის, რომელიც მტკიცედ მიჰყვება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას“ - განაცხადა მინისტრმა.
ვიცე-პრემიერმა თავის გამოსვლაში ასევე ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომზე. მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გაუმართლებელი ომის ფონზე, კიდევ ერთხელ ცხადი ხდება, რომ პრინციპები და ღირებულებები, რომლებსაც დემოკრატიული სამყარო იზიარებს, კვლავაც დასაცავია. ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველო მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად ყოველთვის ღირსეულად იდგა საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთო ინტერესების დასაცავად. მისივე თქმით, თავისუფლების, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ აგრესიის გამო, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ გამოვიარეთ, საქართველო სოლიდარულია უკრაინის, ჩვენი საერთაშორისო მეგობრებისა და პარტნიორების მიმართ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რაზეც ვიცე-პრემიერმა ისაუბრა, საქართველოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობაა. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, შეერთებული შტატები სავაჭრო ბრუნვის, ექსპორტისა და იმპორტის კუთხით პარტნიორი ქვეყნების ტოპ-ათეულშია. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით კი აღსანიშნავია, რომ 1997 წლიდან აშშ-დან კაპიტალის შემოდინება აღემატება 1,8 მილიარდ აშშ დოლარს და ეს ინვესტიციები მოიცავს სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორს.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ამ მონაცემების გასაუმჯობესებლად უზარმაზარი, ჯერ კიდევ აუთვისებელი პოტენციალი არსებობს და ქართული მხარე დაინტერესებულია ორმხრივი კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებით. ლევან დავითაშვილმა ამერიკულ კომპანიებსა და ბიზნესებს საქართველოს მიერ შეთავაზებული შესაძლებლობების გამოყენებისკენ მოუწოდა.
„მნიშვნელოვანია ის, რომ მუდმივად ვავითარებთ ჩვენს ურთიერთობებს და თვისობრივად ახალ დონეზე აგვყავს. ვფიქრობ, საქართველოსა და აშშ-ს შორის ასეთი მჭიდრო ურთიერთობები აქამდე არასდროს ყოფილა და ეს არის თანამშრომლობაში ახალი შესაძლებლობების დასაწყისი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა