საზოგადოება
05/07/2022

ლევან დავითაშვილი: ღამის კლუბები წყალტუბოს დამატებით მიმზიდველობას შესძენს

წყალტუბოს გენერალური გეგმის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაა.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, წყალტუბოს ინვესტორებისთვის არაერთი მიმზიდველი მიმართულება აქვს, მათ შორის ღამის ცხოვრებისთვის განკუთვნილი ობიექტები. 

"წყალტუბოს ბიზნეს პოტენციალი ძალიან კარგად არის შეფასებული. ინვესტორებისთვის ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია. სწორედ ამ შესწავლის საფუძველზე ეს ინფორმაცია გადავიტანეთ ახალ კონცეპტუალურ გენერალურ გეგმაში. მას შემდეგ, რაც საპრივატიზაციოდ წარმოდგენილი პროექტები გაიყიდება, ჩვენ გვეყოლება ახალი ინვესტროები და მათთან ერთად დავაზუსტებთ გენერალური გეგმის დეტალებს იმგვარად, რომ თანხვედრაში იყოს ჩვენი ხედვა და ინვესტორების საჭიროებები. 

ჩვენ სრულად აღვადგენთ უკვე არსებულ სანატორიუმებს, რომლის რაოდენობაც არის 22 და წლის განმავლობაში 300 ათასზე მეტ სტუმარს მასპინძლობდა. ამასთან, განვავითარებთ კულტურულ კომპლექსებს. რა თქმა უნდა, უნიკალური გასტრონომიით და ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი აგროპროდუქტების აგრობაზრით. 

წყალტუბო საცხოვრებლადაც მიმზიდველი უნდა იყოს. მისი რეაბილიტაცია იმგვარად უნდა მოხდეს, რომ თითოეული შენობა იყოს რეაბილიტირებული. საცხოვრებელი ობიექტების განვითარება თანამედროვე სტადნარტების შესაბამისად უნდა ხდებოდეს. რა თქმა უნდა, ოთხი სეზონის კურორტის ქონა გვჭირდება და შესაბამისად, ინვესტორებისთვის დასაფინანსებლად ძალიან დიდ შესაძლებლობას იძლევა. ეს არ იქნება მხოლოდ სასტუმროები, ეს იქნება მათ შორის ღამის ცხოვრებისთვის საჭირო კლუბები და ობიექტები წყალტუბოს კურორტს დამატებით მიმზიდველობას შესძენს. ასევე სავაჭრო მიმართულება, ისეთი როგორიც შეიძლება იყოს აუთლეტ სოფელი და ა.შ.",- განაცხადა დავითაშვილმა.