ლაგოდეხის რაიონის სოფელ შრომაში სასწავლო სახელოსნო აშენდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მოქმედი კოლეჯი „აისის“ ტერიტორიაზე სასწავლო სახელოსნო აშენდა.
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით,კოლეჯი მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს - თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციებისა და იატაკის ფილების მონტაჟის, ასევე მეფუტკრეობის პრაქტიკული სწავლების კურსს.
სახელოსნოს ტიპიური პროექტი, რომლის ღირებულება 600 ათას ლარამდეა, მოიცავს ერთსართულიან შენობას, რომელიც წარმოადგენს ცალკე მდგომ ბლოკს და სასწავლო სივრცეები ერთმანეთთან დაკავშირებულია ვიტრაჟული დერეფნებით. პროექტი საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით, ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით განხორციელდა.
სახელოსნოს ფუნქციონირება სტუდენტებს ხელს შეუწყობს რეგიონის საჭიროებებზე მორგებული პროფესიების დაუფლებაში, შესაბამისი პრაქტიკის გავლასა და შემდგომ დასაქმებასა და თვითდასაქმებაში.