საზოგადოება
06/01/2021
ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბი მაღალტექნოლოგიური TBM-ით აშენდება
ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვის სპეციალურად დამზადებული TBM (Tunnel Boring Machine) დანადგარი საქართველოში უკვე ჩამოვიდა.
გვირაბის მშენებლობა, საქართველოში პირველად განხორციელდება გვირაბგამყვანი მანქანის - TBM-ის საშუალებით. TBM-ის დანადგარი ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური გვირაბგამყვანი მანქანაა.
9 კმ-იანი გვირაბი, რომელიც ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზის პროექტის ფარგლებში აშენდება, სიგანით 15 მეტრი იქნება და მისი ანალოგი, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში არ იარსებებს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ამ მეთოდით გვირაბის მშენებლობა მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას და მეტად უსაფრთხოა.
TBM-ის მანქანა, გვირაბის გაყვანის პარალელურად, უზრუნველყოფს გვირაბის ბეტონით მოპირკეთებას, რაც კიდევ უფრო ზრდის უსაფრთხოების სტანდარტს.
ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები წელს დაიწყება
სამინისტროში ამბობენ, რომ ქვეშეთი-კობის არსებული გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე. ზამთრის დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, არსებულ გზაზე გადაადგილება არ არის უსაფრთხო. ახალი მაგისტრალური გზისა და გვირაბის მშენებლობით მოგვარდება მრავალწლიანი პრობლემა და წელიწადის ნებისმიერ დროს ამ მარშრუტზე შესაძლებელი გახდება ავტოტრანსპორტის შეუფერხებლად და უსაფრთხოდ მოძრაობა.