საზოგადოება
19/01/2023

ქვეყანაში 19 000 ჰოსპიტალური საწოლია, საიდანაც 9-დან 11 000-მდე ზედმეტია - მინისტრი

ამ ეტაპზე საქართველოში 19 000 ჰოსპიტალური საწოლია, რაც გადაჭარბებული რაოდენობაა და ხარისხიანი სამედიცინო სერვისის უზრუნველსაყოფად აუცილებელია, ეს რიცხვი არ აღემატებოდეს 8-10 000. 

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრისას განაცხადა.

„საქართველოში ძალიან ბევრი კვლევაა ჩატარებული როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კომპანიების, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც სტანდარტები მკაცრად კონტროლდება, ყველაზე მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომობა. მაგრამ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა იქნება არაეფექტიანი, თუ არის ორჯერ და სამჯერ მეტი, ვიდრე გვჭირდება. დღეს საქართველოში 19 000-მდე ჰოსპიტალური საწოლი გვაქვს და ნებისმიერი კვლევით და ნებისმიერი რეკომენდაციით – და ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი რეკომენდაცია გვაქვს მიღებული – ამ საწოლების რაოდენობა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 8-დან 10 000-მდე საწოლს. ესაა ჯამში, როგორც სარეანიმაციო, ისე თერაპიული, ასევე ფსიქიატრიული და ა.შ. საწოლები. აქედან გამომდინარე, დაახლოებით ორჯერ მეტი გვაქვს. ეს ჩანს კლინიკების დატვირთულობიდანაც, რომელიც 45%-ის ფარგლებშია. დანარჩენი დაუტვირთავი ნაწილი ამ 45%-ის ხარჯზე არსებობს. ხარისხს ვერანაირად ვერ მივაღწევთ, თუ იმაზე მეტი გვექნება, ვიდრე გვჭირდება. ამ საწოლებს სჭირდება ექთნების, დამხმარე და ტექნიკური პერსონალის, ადმინისტრაციის და ა.შ. მინიმალური რაოდენობა და, შესაბამისად, სახელმწიფო „დიარჯი“ სისტემით და ხარისხთან დაკავშირებული ყველა რეფორმით უნდა იღებდეს ხარისხიან სერვისს ადეკვატურ ფასად,“- განაცხადა მინისტრმა.

კითხვაზე,ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ კლინიკების რაოდენობა შემცირდება, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ  გარკვეულ კლინიკებს მოუწევთ გადაწყობა და უნდა მოერგონ დღევანდელ რეალობას, რადგან სექტორში დაწყებული რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია და ხარისხის გაუმჯობესებისკენაა მიმართული. ამასთან, მინისტრმა სამედიცინო სექტორში სახელმწიფოს მონაწილეობის გაზრდის აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი.

„როგორც ფარმაცევტულ ნაწილში გვაქვს 35-40% გვაქვს სახელმწიფოს მონაწილეობა და  2026 წლიდან უნდა ავიდეთ 90-92%-მდე, ასევე კლინიკებისა და სამედიცინო ჩარევების ნაწილში მაქსიმალურად უნდა დავფაროთ მოსახლეობის სამედიცინო ხარჯები. ამიტომ მნიშვნელოვანია გადავიხადოთ სწორი ფასწარმოქმნით დადგენილი ფასები როგორც მედიკამენტებში, ასე სამედიცინო ნაწილში,“ – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

jandacva.ge