საზოგადოება
26/03/2022

ქუთაისის აეროპორტში ჩამოფრენილ უკრაინის მოქალაქეებს პირველადი მოხმარების ნივთები დაურიგდათ

”უკრაინის კრიზისის საპასუხო პროექტი საქართველოში” - ქეარ კავკასია ომის შედეგად საქართველოში დარჩენილი და უკრაინიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის მხარდამჭერ პროექტს იწყებს.

საპილოტე პროექტი დღეს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ჩართულობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა. ქუთაისის აეროპორტის საშუალებით, კრაკოვიდან და კატოვიცედან საქართველოში ჩამოსულ უკრაინის მოქალაქეებს  პირველადი მოხმარების საჭირო ჰიგიენური ნივთები დაურიგდათ და ადგილზე მიიღეს ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც მათ საქართველოში ყოფნის პერიოდში გამოადგებათ.

ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში, ქეარ კავკასია განსაკუთრებულ მხარდაჭერას უწევს უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად დაზარალებულ ქალებსა და ბავშვებს.

უკრაინის მოქალაქეების მხარდამჭერ აქციაში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინიციატივით, ქუთაისის აეროპორტში არსებული ბიზნესებიც ერთიანდებიან. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების აღმასრულებელი მენეჯერის, ანა ჩიქოვანის განცხადებით, დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინის მოქალაქის პასპორტის წარდგენისას ქუთაისის აეროპორტის კონტრაქტორი კომპანიები მათ გარკვეულ სერვისებს უსასყიდლოდ სთავაზობენ.

,,ქუთაისის აეროპორტი საქართველოში ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტია, საიდანაც ყველაზე მეტი პირდაპირი ევროპული მიმართულება სრულდება. მათ შორის არის 5 პოლონური მიმართულება. საიდანაც, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ძირითადად უკრაინის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა ხორციელდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, დაუყოვნებლივ მობილიზება გაუკეთა მის კონტრაქტორ კომპანიებს. ქუთაისის აეროპორტში არსებული კომერციული ობიექტები და სატრანსპორტო კომპანიები უკრაინის მოქალაქე მგზავრებს აეროპორტში სთავაზობენ, როგორც უსასყიდლო სატრანსპორტო სერვისებს და კვებით მომსახურებას, ასევე სხვადასხვა სერვისებს შეღავათიან ფასად,-‘’აცხადებს ანა ჩიქოვანი.

პოლონეთიდან საქართველოში დღეს უკრაინის 103 მოქალაქე ჩამოფრინდა. უკრაინის მოქალაქეები საქართველოში, ძირითადად პოლონეთის 5 ქალაქიდან ქუთაისის აეროპორტის საშუალებით ჩამოდიან.