საზოგადოება
28/04/2022

ქუთაისის აეროპორტის მგზავრებისთვის მატარებლის ბილეთები 7 დღე უფასო იქნება

ქუთაისის აეროპორტის მგზავრებისთვის მატარებლის ბილეთები კოპიტნარამდე და კოპიტნარიდან - 7 დღე უფასო იქნება.

რკინიგზის ინფორმაციით, თითოეული მოქალაქე, რომელიც ქუთაისის აეროპორტში ჩაფრინდება ან ქუთაისის აეროპორტიდან სხვადასხვა მიმართულებით გაემგზავრება, საქართველოს რკინიგზისგან მატარებლების ბილეთებს უფასოდ მიიღებს.

30 აპრილიდან 7 დღის განმავლობაში, ყველა მგზავრი, რომელიც ქუთაისის აეროპორტის ავიაბილეთს რკინიგზის სალაროში წარადგენს, თბილისიდან, ზუგდიდიდან, ბათუმიდან, ფოთიდან და ოზურგეთიდან კოპიტნარამდე და კოპიტნარიდან თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, ფოთისა და ოზურგეთის მიმართულებით - უფასოდ იმგზავრებს.  მთავრობის სპეციალური განკარგულებით, განახლებული სადგურიდან კი ქუთაისის აეროპორტამდე და აეროპორტიდან სადგურამდე მგზავრების გადაყვანას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს.

სადგურში სახელწოდებით "ქუთაისის აეროპორტი“ ყველა სამგზავრო მატარებელი გაჩერდება.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის დამაკავშირებელი რკინიგზის განახლებული სადგური ექსპლუატაციაში შედის. უკვე 30 აპრილიდან მატარებლები კოპიტნარში გაჩერდებიან.

საქართველოს რკინიგზის ცნობით, ქუთაისის აეროპორტი მგზავრებს სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით აეროპორტში გადაიყვანს.

კოპიტნარის სადგურიდან ქუთაისის აეროპორტში მისასვლელად, მგზავრებს დაახლოებით 5 წუთი დასჭირდებათ.

მატარებლის ბილეთის ღირებულება ქუთაისის აეროპორტამდე ტრანსპორტირებას მოიცავს.