საზოგადოება
16/02/2021
“კურაციოს“ პრეზიდენტი: WHO ავტორიზაციის გაცემას სხვა ვაქცინებზეც გეგმავს
საერთაშორისო ფონდ “კურაციოს“ პრეზიდენტი გიორგი გოცაძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გეგმავს, კოვიდვაქცინებზე ავტორიზაცია კიდევ გასცეს.
მისი თქმით, მიმდინარეობს განხილვა, საქართველოს კიდევ რომელ ვაქცინაზე შეიძლება ჰქონდეს წვდომა.
გიორგი გოცაძე აქვე აცხადებს, რომ ქვეყანაში მხოლოდ ჯანმოს მიერ აკრედიტირებული ვაქცინები შემოვა.
„გუშინ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ რეგისტრაცია გასცა და მისცა გადაუდებელი გამოყენების ნებართვა „ასტრაზენეკას“ ორ მწარმოებელს. ერთს სამხრეთ კორეაში და მეორეს ინდოეთში. „ასტრაზენეკა“ დაემატა „Pfaizer”-ს, რომელზეც მსგავსი ნებართვა იყო გაცემული. შესაბამისად, ეს უკვე შესაძლებლობას იძლევა, საქართველომ ისაუბროს ამ ვაქცინაზე, მაგრამ ნამდვილად შეიცვლება სიტუაცია, იმიტომ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას გეგმაში აქვს, განიხილოს ასევე სხვა ვაქცინებისთვის ავტორიზაციის გაცემა. შესაბამისად, განვიხილავთ, თუ რა არის მოსალოდნელი და საქართველოს კიდევ რომელ ვაქცინებზე შეიძლება ჰქონდეს წვდომა, - განაცხადა გიორგი გოცაძემ.