კრწანისის ტყე-პარკში 1000 ძირი ენდემური ხე დაირგვება
კრწანისის ტყე-პარკში 1000 ძირი გარემოსთან ადაპტირებული სხვადასხვა სახეობის ენდემური ხე დაირგვება, - ინიციატივა პროექტის „ასუნთქე მომავალის“ ფარგლებში განხორციელდება.
კრწანისის ტყე-პარკის განახლება-რეაბილიტაციის პროექტს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს. პროექტი, ამორტიზებული ხეების ახლით ჩანაცვლებას გულისხმობს.
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინიცირებულ პროექტს საქართველოში თურქეთის თანამშრომლობისა და კორდინაციის სააგენტო (TIKA) ახორციელებს. გამწვანების პროექტი მსოფლიოს 25 ქვეყანაში მიმდინარეობს.
პროგრამა გასული წლის 11 ნოემბერს დაიწყო. პროექტის ფარგლებში მონაწილე ქვეყნებში, ჯამურად, 83 მლნ ნერგი დაირგვება.
"გაუდაბნოება მნიშვნელოვანი გამოწვევაა. შესაბამისად, გვსურს, ხეების დარგვით შევაჩეროთ ეს მტკივნეული პროცესი. თითოეულ ხეს დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს არ არის პოპულიზმი. მოხარული ვიქნები, თუ 20 წლის შემდეგ, კრწანისის ტყე-პარკში, უკვე გაზრდილი ხეების ნახვის შესაძლებლობა“, - განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა საქართველოში ფატმა სერენ იაზგანმა.