კრიპტოვალუტებით უკანონოდ ვაჭრობისთვის საქართველოს 10 და ისრაელის 1 მოქალაქეა ბრალდებული
პროკურატურა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მასშტაბური საერთაშორისო სქემის გამოვლენაზე აცხადებს.
უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების, პერსონალური მონაცემების ხელყოფისთვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ბრალდება საქართველოს 10 და ისრაელის 1 მოქალაქეს უკვე წარედგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2019 წლის გაზაფხულზე, ისრაელის მოქალაქე ჯ.ჰ.-მ, თანამზრახველებთან - გ.გ.-სთან და გ.ლ.-სთან ერთად, ჩამოაყალიბა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც დროის ხანგრძლივ პერიოდში ახორციელებდა კრიპტოვალუტით ვაჭრობით დაინტერესებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებასა და ჯგუფი წევრებს შორის განაწილებას. უკანონო საქმიანობაში ორგანიზატორებმა ეტაპობრივად ჩართეს არაერთი უცხო ენების მცოდნე პირი, მათ შორის კ.კ., გ.მ., მ.თ., ვ.ნ., ა.მ., ა.გ., ქ.ი. და გ.ბ.. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, უკანონოდ მოიპოვებდნენ რა კრიპტოვალუტით ვაჭრობით დაინტერესებული უცხო ქვეყნის მოქალაქეთა პერსონალურ მონაცემებს, ქ.თბილისში ნაქირავები ოფისიდან, სისტემატიურად უკავშირდებოდნენ პოტენციურ დაზარალებულებს და სთავაზობდნენ კრიპტოვალუტის უნაღდო ანარიშსწორებით შეძენას. დაინტერესების შემთხვევაში ზემოხსენებული პირები მათ დისტანციურად არეგისტრირებდნენ შესაბამის ვებგვერდზე, რის შემდგომაც მათივე სახელით ახორციელებდნენ კრიპტოვალუტის შეძენას, რა დროსაც უზრუნველყოფდნენ გადახდილი თანხის შესაბამისი ელ.ვალუტის არა დაზარალებულის, არამედ ორგანიზებული ჯგუფისათვის ხელმისაწვდომ ანგარიშებზე ასახვას.
ზემოაღწერილი ხერხით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაეუფლნენ უცხო ქვეყნის არაერთი მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს. ევროპასთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, უკვე იდენტიფიცირებულია ევროკავშირის ათეულობით დაზარალებული მოქალაქე, ამ ეტაპისთვის დადგენილი ზიანის ოდენობა კი შეადგენს 620 000 ევროს.
ჩატარებული გამოძიების შედეგად ასევე დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ნაწილმა მოახდინა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, კერძოდ კი შეიძინეს ძვირადღირებული სატრანსპორტო საშუალებები და უძრავი ქონებები, რაც დაყადაღებულია პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გამცემი სასამართლოს განჩინებით.
გატარებული ღონისძიებების შედეგად ასევე მოძიებულ იქნა და ყადაღა დაედო ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელის - ჯ.ჰ.-ს საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ, დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებულ 2 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის თანხასაც.