Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
Lafreeo ქართული ბრენდია, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს და მომხმარებლებს მომინანქრებულ სამკაულებისა და აქსესუარების სთავაზობს.
კომპანიის დამფუძნებელი თამარ ბენდელიანი "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ თავდაპირველად ჰობის დონეზე უყურებდა ტიხრული მინანქრის ხელსაქმეს და პროფესიად არ აურჩევია, თუმცა ამ სფეროში ცოდნის გაღრმავების შემდეგ გადაწყვიტა საკუთარი სახელოსნო Lafreeo შეექმნა.
"სახელოსნოში მზადდება მაგიდის სუვენირებიდან დაწყებული მინიატურული სამკაულებით დასრულებული სხვადასხვა სტილის ნაკეთობა: ყელსაბამი, საყურე, ბეჭედი, სამაჯური, ჯვარი, ბროში, ფეხის სამაჯური. ასევე, კორპორატიულ შეკვეთებსაც ვამზადებთ დროდადრო. გვაქვს საბავშვო ხაზიც, სადაც გაერთიანებულია სხვადასხვა სტილისა და შინაარსის მინანქრის ნამუშევრები. ნაკეთობების უმეტესობა შეკვეთით მზადდება, თუმცა თავისუფალ დროს ვცდილობ ჩემი იდეები განვახორციელო, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს ცხოვრების შთაბეჭდილებებს, მოგონებებს, სიყვარულს, ზღაპრებს და სხვა.
ამ ეტაპზე, ახალ პროექტზე ვუშაობ, ვაკვირდები და ვქმნი ახალ ესკიზებს საქართველოს მუზეუმის სხვადასხვა ექსპონანტების მიხედვით. დღეისთვის, მსოფლიოში პეპლების 200 000-ზე მეტ სახეობას ითვლიან, კავკასიაში 20 000-მდე სახეობაა აღრიცხული, საქართველოში – 15 000-ს აჭარბებს, ხოლო მათგან 2500 სახეობამდე საქართველოს ეროვნული მუზეუმის ზოოლოგიურ ფონდშია დაცული, რაც ჩემი ინსპირაციის წყარო გახდა. შევქმნა მინანქრის პეპლები საქართველოში აღრიცხული სახეობებიდან, ვფიქრობ, კავკასიის ფაუნის გასაცნობად უმნიშვნელოვანესი საქმეა."–აღნიშნავს, თამარ ბენდელიანი.
Lafreeo–ს აქსესუარების შეძენა შესაძლებლია ონლაინ. ვერცხლის ნაკეთობები 135–425 ლარამდე მერყეობს, ოქროსი 565–დან 2400 ლარამდე. ამასთან, დაინტერეებულ ადამიანებს შეუძლიათ დაესწრონ 1 დღიან მასტერკლასებს Lafreeo–ს სახელოსნოში და გაეცნონ მინანქრის ტენიკას, შექმნის პროცესს და საკუთარი ხელით დაამზადონ სხვადასხვა აქსესუარები.
თამარ ბენდელიანის თქმით, თანამედროვეობაში არსებობს ტენდენციები რასაც ფეხი უნდა აუწყო. ამ საქმის გარშემო უამრავი ნიუანსია, მხოლოდ ნაკეთობების შექმნა და მისი საზოგადოებისთვის წარდგენა საკმარისი არაა.
"მინანქრის კეთება ჩემი შემოსავლის წყაროა. რა თქმა უნდა, ჩემს ნაკეთობებს ჰყავთ ერთგული მყიდველები, თუმცა ადამიანებთან ურთიერთობა გაართულა პანდემიამაც, აღარ ეწყობოდა ფესტივალები, საზღვარგარეთ დაგეგმილი გასვლები ჩაიშალა, გაუქმდა მეწარმეებისთვის კონკურსები, ადამიანები არ დადიოდნენ მასტერკლასებზე, ტურისტებმა შეწყვიტეს ქვეყანაში შემოსვლა. გამომდინარე იქიდან რომ მინანქრით შესრულებული ნაკეთობები არის ძვირადღირებული და ჩვენს რეალობაში უამრავი სოციალური პრობლემა არსებობს, აქსესუარები ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. მე და ბევრი სხვა ხელოვანი დავდექით ახალი გამოწვევების წინაშე. მოგვიწია ჩვენი ხელნაკეთობების, მათი შექმნის შესახებ ინფორმაციისა და ყველა დეტალის გაციფრულება. ადამიანები გდავიდნენ ონლაინ ყიდვაზე და ჩვენც შესაბამისად უნდა გადავსულიყავით ონლაინ გაყიდვებზე. თუმცა, შევძელი ფეხი ამეწყო ახალი გამოწვევებისთვის, რამაც გაამართლა და დღეს სახელოსნო წარმატებიტ ფუნქციონირებს."–ამბობს, Lafreeo–ს დამფუძნებელი.
როგორც თამარ ბენდელიანი ყვება, თბილისში გალერეა "ფოკანი" 2001 წელს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაარსდა, რომელიც ფოკის დედათა მონასტრის ერთ-ერთი განშტოებაა და მისი მიზანი ძველი ქართული ტიხრული მინანქრის ტრადიციების აღდგენა-გაცოცხლებით ახალი საეკლესიო თუ საერო ნივთების შექმნა იყო. სწორედ ფოკანის სახელოსნოში ისწავლა ტიხრული მინანქრის ტექნიკა სრულფასოვნად. შემდეგ კი ჰობის დონეზე დაწყებულმა საქმემ, სფეროში ცოდნის გაღრმავებასთან ერთად, წინაპრების დატოვებული მემკვიდრეობის და ტიხრული მინანქრის ტრადიციის გაგრძელებისკენ უბიძგა.