საზოგადოება
25/03/2021

კოვიდვაქცინაციის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებაში დაყოვნების დრო გაიზარდა

კოვიდვაქცინაციის შემდეგ მოქალაქე ვაქცინაციის ადგილზე 45 წუთის განმავლობაში დარჩება. 

“თავდაპირველად პროტოკოლით 30 წუთი იყო გათვალისწინებული, თუმცა უფრო მეტი სიფრთხილის გამო ეს დრო 45 წუთამდე გაიზარდა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. 

მისი თქმით, სამედიცინო დაწესებულებები მზად არიან, როგორც მედიკამენტებით, აგრეთვე შოკის დარბაზის და რეანიმაციული განყოფილებების მობილიზების თვალსაზრისით. ანტიშოკური მზაობა სავალდებულო მოთხოვნაა არა მხოლოდ კოვიდვაქცინაციისთვის, არამედ სხვა დანარჩენი ვაქცინაციისთვის. 

“იმედია, მსგავსი რამ არ დაგვჭირდება, მაგრამ მაქსიმალური ტექნიკური მზაობაა“, - დასძენს თამარ გაბუნია. 

ამასთან, მინისტრის მოადგილის თქმით, “ფაიზერს“ სპეციალური საინექციო შპრიცი სჭირდება, რომელიც ქვეყანამ ვაქცინის შემოტანამდე შეიძინა და დაწესებულებებში გადაანაწილა. 

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, “ფაიზერის“ 1 ფლაკონით 6 ადამიანის აცრაა შესაძლებელი, “ასტრაზენეკას“ 1 ფლაკონით კი, 10 ადამიანის. ამდენად ვაქცინაციისას, პირობითად “ფაიზერის“ შემთხვევაში, თუ ერთდროულად 6 ადამიანი არ იქნება რიგში, ფლაკონი არ გაიხსნება.  

შეგახსენებთ, “ასტრაზენეკას“ 43 200 დოზა ვაქცინა საქართველოში 13 მარტს ჩამოვიდა, 15 მარტიდან კი, ვაქცინაცია დაიწყო. პირველ ეტაპზე იცრებოდა სამედიცინო პერსონალი. ვინაიდან ვაქცინაციის პროცესში დაბალი აქტვობა იყო, გადაწყვეტილება მიიღეს, რომ დღეიდან ვაქცინაციის პროცესში 65 წელს ზევით ასაკის პირებიც ჩაერთონ.

“ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში დღეს შემოვიდა, რომელიც 6 სამედიცინო დაწესებულებაში ნაწილდება. ვაქცინაციის მსურველებს ექნებათ არჩევანის გაკეთების საშუალება, “ფაიზერით“ აიცრან თუ “ასტრაზენეკათი“. 

Businesspartner