კოვიდპაციენტების არამიზნობრივი ჰოსპიტალიზაციისას, სამედიცინო ხარჯები არ ანაზღაურდება
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც პაციენტები ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებდნენ და შესაძლებელი იყო მათი ბინაზე მკურნალობა, თუმცა, კლინიკების სუბიექტური დამოკიდებულების გამო, მათ სტაციონარში ტოვებდნენ.
„კოვიდით დაინფიცირებული პაციენტების არამიზნობრივი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება არ მოხდება და პასუხისმგებელი უშუალოდ კლინიკა იქნება. ქვეყანაში, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, სტაბილური ეპიდვითარებაა და მნიშვნელოვანი მატება არ შეინიშნება. ასევე, მინიმალურია იმ პაციენტების რაოდენობა, ვისაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდება.“– აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა პირველი არხის ეთერში.
მისივე განმარტებით, შემთხვევების დიდი ნაწილი, რომელიც „კოვიდ-19“-ის ახალ შტამთან არის დაკავშირებული, მსუბუქია და ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს.