საზოგადოება
22/04/2023

"კონკურსის მიზანია, მოსწავლეებმა სკოლის შენობაშივე სხვადასხვა პროფესიაში მოსინჯონ ძალები"

საჯარო სკოლებში პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით, პროფესიული უნარების სააგენტომ კონკურსი გამოაცხადა. ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესი რუსთავი 2-ში“ საჯარო სკოლებში პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის კომპონენტის კოორდინატორმა, მანანა გაბუნიამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით,  კონკურსის მიზანია საჯარო სკოლებში მოსწავლეებს პროგრამის ფარგლებში მიეცეთ შესაძლებლობა, სკოლის შენობაშივე მოწყობილ მცირე პროფესიულ ლაბორატორიაში სხვადასხვა პროფესიაში მოსინჯონ ძალები, გაეცნონ დეტალურ ინფორმაციას პროფესიული განათლებისა და პროფესიების შესახებ და მიიღონ ინფორმირებული და გააზრებული კარიერული გადაწყვეტილება.

კონკურსი მიმდინარე წლის პირველ მაისამდეა გამოცხადებული და მასში მონაწილეობისათვის გარკვეული კრიტერიუმები მოქმედებს.

„ ამ ეტაპზე, 2023 წელს,  იმ მუნიციპალიტეტებს ექნებათ ჩართვის შესაძლებლობა, რომელშიც აქამდე ეს პროგრამა არ განხორციელებულა. ასევე გვინდა, რომ ქართულ-აზერბაიჯანულ და ქართულ-სომხურ სკოლებს მივცეთ პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა, ასევე საჯარო სკოლებს, რომლებიც გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან განთავსებული. „ -აცხადებს გაბუნია.

ამ ტიპის კურსები საჯარო სკოლებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის საფუძველზე მუშავდება. პროგრამაში ჩართულ სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ექსკურსიებში მონაწილეობა მიიღონ, რომელიც მოიცავს როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ასევე დასაქმების ობიექტებს. აქედან გამომდინარე, ისინი შრომით ბაზარსაც ეცნობიან და იმ სარგებელსაც, რასაც პროფესიული განათლება მათ სთავაზობთ.

სკოლები, რომლებიც უკვე მონაწილეობდნენ პროგრამაში, ამ ეტაპზე ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა წელს აუცილებლად გამოცხადდება შემდეგი მიღება და პროგრამის მდგრადობიდან გამომდინარე ყველა საჯარო სკოლას მიეცემა პროგრამაში ჩართვის საშუალება.

ცნობისთვის, სკოლებში პროფესიული უნარების განვითარების საორიენტაციო კურსები, მე-8 და მე-9 სკლასის მოსწავლეებისთვის 2017 წლიდან ხორციელდებოდა, თუმცა პანდემიის პერიოდმა მნიშვნელოვნად შეაფერხა პროგრამის განხორციელების პროცესი.

Businesspartner