საზოგადოება
29/04/2022
კონკურენციის სააგენტო საწვავის ფასების ანგარიშს 15 მაისამდე წარადგენს
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, კონკურენციის სააგენტო ბაზარზე საწვავის ფასებზე არსებულ ვითარებას დააკვირდება და ანგარიშს ეკონომიკურ საბჭოს 15 მაისამდე წარუდგენს.
გადაწყვეტილება ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
საბჭოს წევრებს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ საავტომობილო საწვავის ფასებზე არსებული ვითარების გასული სამი თვის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის განხილვის შედეგად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სააგენტო საწვავის ბაზარზე დაკვირვებას განაგრძობს, რათა შეიმუშაოს სრულყოფილი რეკომენდაციები ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის ხელშესაწყობად.
საბჭოს წევრებმა განიხილეს ფარმაცევტულ ბაზარზე მიმდინარე პროცესები.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დადებითად შეფასდა ის ფაქტი, რომ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დასკვნის საფუძველზე აქტიურად ხორციელდება რეფორმები, რომლის შედეგებიც სახეზეა და მიმდინარეობს მოქალაქეებისთვის ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტების გაიაფების პროცესი.
აღინიშნა, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი თურქეთის ბაზრის გახსნამ, საიდანაც იმპორტირებული 250-ზე მეტი დასახელების ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტის შეძენა 70-80%-ით უფრო ნაკლებ ფასად არის შესაძლებელი. ამასთანავე, დაინერგა ელექტრონული და გენერიკული რეცეპტების სისტემა, რაც ასევე უწყობს ხელს ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობას.