კომუნა "მზესუმზირა": თუ ზაფხულიდან მაინც გავიხსნებით, შესაძლოა გადავრჩეთ
შემოქმედებითი ინდუსტრია დედაქალაქის მერიას დიალოგისა და კომპრომისული გზების მოძებნისკენ მოუწოდებს. რეგულაციების დაცვისთვის მზად არიან და ზაფხულიდან ფუნქციონირების აღდგენის სურვილი აქვთ.
როგორც კომუნა „მზესუმზირას“ წარმომადგენელი, ვახუნა ქავთარაძე „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, ამ შემთხვევაში ინდუსტრიას გადარჩენის მეტი შანსი აქვს.
„თუ ზაფხულიდან ეტაპობრივად გახსნაზე შევთანხმდებით, შესაძლოა რაღაც ფორმით გადარჩენაც შესაძლებელი იყოს. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ დავსხდეთ და კომპრომისული ვარიანტი მოვიფიქროთ. აქ საუაბრი არ არის საუკეთესო ფორმით მუშაობაზე. საუბარია ისეთი ფორმის მოძიებაზე, რომელიც არც ეპიდემიოლოგიურ ვითარებას დაამძიმებს და არც ინდუსტრიას შეუქმნის გაქრობის საფრთხეს. თუ ამაზე შევთანხმდებით, ესეც მოგვცემს საშუალებას, რომ მივაღწიოთ იქამდე, სანამ სრულფასოვნად შევძლებთ ფუნქციონირების აღდგენას. თუ ეს ასე არ მოხდა, ყველაფერი ხდება და ჩვენც შეიძლება გადავრჩეთ, მაგრამ ამას რაიმე რაციონალურზე დაყრდნობით ნამდვილად ვერ გეტყვით. კიდევ ერთ „ლოქდაუნს“ ვერ გადავიტანთ“,- განაცხადა ქავთარაძემ.