კომპანიები, რომლებმაც კოვიდის დროს გამარტივებულ შესყიდვებში კონტრაქტები მოიპოვეს - TI-ს კვლევა
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, 2020-2021 წლებში "კოვიდ 19"-ით გამოწვეულმა ხარჯმა გამარტივებულ სახელმწიფო შესყიდვებში დაახლოებით 715 მლნ ლარი შეადგინა.
არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის გზით ჯამში 1.7 მლრდ ლარამდე ჯამური ღირებულების 21 ათასამდე მსხვილი კონტრაქტი გაფორმდა. აქედან 1.2 მლრდ ლარი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების და გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით დაიხარჯა.
TI-ს კვლევის თანახმად, უშუალოდ პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების გარეშე, კერძო კომპანიებთან გაფორმებულ შესყიდვებში, სახელისუფლო პარტიის შემომწირველების მიერ
მიღებული კონტრაქტების წილი 17%-მდე იყო.
2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პირდაპირი შესყიდვის გზით 9 მლნ ლარის კონტრაქტები 192-მა ახლად დაფუძნებულმა (6 თვეზე ნაკლები დრო რეგისტრაციიდან) კომპანიამ მიიღო. მათ შორის, 22 კომპანიას კონტრაქტი დაფუძნებიდან მაქსიმუმ 10 დღეში გაუფორმდა. მაგალითად, კომპანია „დი ჯი ელს“ „მოსავლის მართვის კომპანიამ“ დაფუძნებიდან 6 დღეში გაუფორმა 900,000 ლარის ღირებულების კონტრაქტი. ახალდაფუძნებულ კომპანიებისთვის კონტრაქტების გაფორმებით ძირითადად ადგილობრივი მუნიციპალიტეტები გამოირჩევიან. ახლად დაფუძნებული კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებში, განსაკუთრებით გამარტივებულ შესყიდვებში მონაწილეობა ზრდის კორუფციის რისკებს და საქონლის ან მომსახურების ხარისხის მიმართ აჩენს კითხვებს",- წერია ანგარიშში.
არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევიდან ირკვევა, რომ გამარტივებული შესყიდვის გზით ყველაზე მეტი თანხა - 486 მლნ ლარი ჯანდაცვის სფეროს მომსახურებებზე დაიხარჯა, რაც ძირითადად „კოვიდ პაციენტების“ მკურნალობას მოიცავს. შემდეგ მოდის სამშენებლო სამუშაოების მომსახურების შეძენა 276 მლნ ლარით. სასტუმროების საკარანტინე სივრცეებად და „კოვიდ სასტუმროებად“ დაქირავებაზე კი დაახლოებით 152 მლნ ლარი დაიხარჯა.
"გამარტივებულ შესყიდვებში ყველაზე მეტი თანხა - 355 მლნ ლარი სსიპ „ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტომ“ დახარჯა. აღნიშნული სააგენტო სამედიცინო დაწესებულებებში „კოვიდ პაციენტების“ მკურნალობაზე აფორმებს კონტრაქტებს. მიმწოდებლებიდან ყველაზე მეტი თანხა სს „ევექსის ჰოსპიტლებმა“ მიიღო - 44 მლნ ლარი. შემდეგ მოდის შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“ – 27 მლნ ლარით. მსხვილი მიმწოდებლები იყვნენ სახელმწიფო სსიპ-ები, შპს-ები და ა(ა)იპ-ებიც. მათ პანდემიის დროს ჯამში 355 მლნ ლარამდე ჯამური ღირებულების კონტრაქტები მიიღეს",- ვკითხულობთ კვლევაში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში სახელმწიფო უწყებებიდან ყველაზე მეტი თანხა - 355 მლნ ლარი გამარტივებულ შესყიდვებში სსიპ „ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ“ დახარჯა. გამარტივებული შესყიდვების გზით, 136 მლნ ლარი დახარჯა "ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ".
გამოკვლეული შედეგების ფონზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" თავის ანგარიშში ყუარადღებას კორუფციულ რისკებზე ამახვილებს.
"სახელმწიფო შესყიდვებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კორუფციული რისკის მატარებელი ის შემთხვევებია, როდესაც გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს ისეთ კომპანიები იღებენ, რომლებიც თავად ან მათთან დაკავშირებული პირების მეშვეობით მმართველ პოლიტიკურ პარტიას აფინანსებენ. ასეთ დროს პოლიტიკური კორუფციის ნიშნები ჩნდება. 2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განხორციელებული 1.7 მლრდ ლარის გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვებიდან „ქართული ოცნების“ და მის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემომწირველებმა 156 მლნ ლარის (ჯამის 9.4%) კონტრაქტები მიიღეს. 156 მლნ ლარი 210 კომპანიაზე და 11 ფიზიკურ პირზე ნაწილდება, რომლებმაც 2013-2021 წლებში პირდაპირ ან დაკავშირებული პირების მეშვეობით „ქართულ ოცნებას“ და სალომე ზურაბიშვილს ჯამში 14 მლნ ლარზე მეტი შესწირეს. აღნიშნული თანხა ძირითადად ბოლო 5 წელშია შეწირული სახელისუფლო პარტიაზე, მათ შორის, 5 მლნ ლარამდე პანდემიის დაწყების შემდეგ იქნა შეწირული.
ჯამური 1.7 მლრდ ლარის გამარტივებული შესყიდვებიდან 355 მლნ ლარამდე კონტრაქტები სახელმწიფო შპს-ებმა, სსიპ-ებმა და ა(ა)იპ-ებმა მიიღეს (მაგალითად, როგორებიცაა „დაცვის პოლიციის დეპარტამენტი”, „თბილსერვის ჯგუფი“, „რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრი” „იუსტიციის სახლი” და ა.შ.). აღნიშნული შესყიდვების გარეშე, ანუ კერძო კომპანიებთან დადებულმა კონტრაქტებმა 1.3 მლრდ ლარი შეადგინა, საიდანაც „ქართული ოცნების“ შემომწირველების მიერ მიღებული კონტრაქტების წილი 12% იყო. პანდემიის დროს მნიშვნელოვანი თანხა დაიხარჯა სამედიცინო დაწესებულებების მომსახურების, ფარმაცევტული საშუალებების და საკარანტინე სივრცეებად და „კოვიდ კლინიკებად“ სასტუმროების დაქირავებაზე. თუ ვნახავთ გამარტივებულ შესყიდვებს უშუალოდ პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების გარეშე და ამ შესყიდვებში მონაწილე სახელისუფლო პარტიის შემომწირველებს, მათი წილი კერძო კომპანიებთან გაფორმებულ შესყიდვებში 17%-მდე გამოვა",- ნათქვამია კვლევაში.