საზოგადოება
17/06/2022

კობახიძე: ევროკომისიის რეკომენდაციაა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა მიენიჭოს

"ქართული ცონების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკომისიის რეკომენდაციაა, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. საქართველოსთვის კი, ოფიციალურად აღიაროს ევროპული პერსპექტივა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის უახლოეს მომავალში კანდიდატის სტატუსის მინიჭების საფუძველი გახდება. 

"ევროპული კომისიის მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ შემდეგს: საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, რომელიც არის იმ ღირებულებების პატივისცემისა და განმტკიცების ერთგული, რომელსაც ევროკავშირი ეფუძნება. აქედან გამომდინარე, კომისია რეკომენაციას უწევს საბჭოს, საქართველოს მიანიჭოს პერსპექტივა, გახდეს ევროკავშირის წევრი. გარდა ამისა, დოკუმენტში კონკრეტულად არის ჩამოთვლილი პირობები, რომელთა შესრულებისთანავე საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე ევროპული საბჭო უახლოეს მომავალში მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, სამივე ქვეყანასთან მიმართებით, თუმცა გვესმის, რომ ძალიან მაღალი ალბათობით საბჭოს გადაწყვეტილება კომისიის დასკვნასთან იქნება თანხვედრაში",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

მისი თქმით, საქართველო როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას ყველა პარამეტრით უსწრებს - დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა, კორუფციასთან ბრძოლა, ევროკავშირთან სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობა, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების საერთო შესრულება.  

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ევროკომისია უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებაში მიმდინარე ომის და მისი შედეგების გამო იღებს გადაწყვეტილებას. 

"ევროპული კომისია და ევროსაბჭო იღებენ არა ექსპერტულ, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, არსებულ არაორდინალურ პოლიტიკურ ვითარებაში ევროპული კომისიის გადაწყვეტილებას აქვს თავისი ლოგიკური პოლიტიკური ახსნა. რუსეთის სამხედრო აგრესიამ და მიმდინარე ომმა უკრაინას უკვე უმძიმესი ჰუმანიტარული და ეკონომიკური ზიანი მიაყენა. ომის შედეგად დაიღუპა ათიათასობით უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირი. განადგურებულია ქვეყნის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი, დანგრეულია ასობით ქალაქი და სოფელი, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები უკრაინული ეკონომიკის 45%-ით ვარდნას პროგნოზირებენ. ამ ფონზე უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის ერთგვარი მცირედი წახალისება, რაც ჩვენს მეგობარ ქვეყანას ევროკავშირისგან უსათუოდ უნდა მიეღო", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომმა ზიანი მიაყენა მოლდოვასაც, რომლის ეკონომიკური მაჩვენებელი შემცირდა. 

"მოლდოვას ნახევარმა მილიონმა უკრაინელმა ლტოლვილმა მიმართა, რაც 2.5 მილიონიან ქვეყანას უმძიმეს ტვირთად აწვება. ხოლო, ევროკავშირი ტვირთს უმსუბუქებს", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.    

მისი თქმით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში გეოგრაფიულმა მდებარეობამაც შეუშალა ხელი. 

"რაც შეეხება საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას: ევროკავშირის მიერ ევროპული პერსპექტივის ოფიციალურად აღიარებას საქართველო მრავალი წლის მანძილზე ელოდა. მოხარული ვართ, რომ დღეს ეს პერსპექტივა ევროპულმა კომისიამ ოფიციალურად აღიარა და კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის კონკრეტული გზამკვლევიც შემოგვთავაზა.

როგორც ევროპელმა ლიდერებმა წინასწარ პირდაპირ მიგვანიშნეს, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში გეოგრაფიულმა მდებარეობამაც შეუშალა ხელი. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სწორედ გეოგრაფიული ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველომ უკრაინასა და მოლდოვაზე 2 წლით გვიან მიიღო ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა. ასევე, საქართველომ უკრაინაზე 4 და მოლდოვაზე 2 წლით გვიან დაიწყო მოლაპარაკებები ვიზალიბერალიზაციის შესახებ, უკრაინაზე 3 და მოლდოვაზე 2 წლით გვიან მიიღო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა და მოლდოვაზე 3 წლით გვიან, მაგრამ უკრაინაზე ადრე მიიღო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ანალოგიურად, საქართველომ უკრაინაზე 3 წლით გვიან დაიწყო მოლაპარაკებები ასოცირების შეთანხმების შესახებ, თუმცა, უკრაინაზე 1 წლით ადრე მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას. გამოვთქვამთ იმედს, რომ გეოგრაფიული ფაქტორი მომავალში აღარ გახდება საქართველოსთვის კანდიდატის ან წევრის სტატუსის მინიჭების გაჭიანურების საფუძველი.

მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყანას არავითარ ფინანსურ თუ სხვა მატერიალურ პრივილეგიას არ ანიჭებს, აღნიშნული სტატუსის ამ ეტაპზე არმიღება ჩვენთვის, გარკვეულწილად, მაინც , რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია. თუმცა, გვესმის, რომ საქართველოს, უკრაინისგან და თუნდაც, მოლდოვისგან განსხვავებით, ამ სტატუსის მისაღებად აუცილებელი მსხვერპლი დღეს არ გაუღია. გვესმის, რომ 14 და მით უმეტეს, 30 წლის წინ გაღებულ მსხვერპლსა და დაღვრილ სისხლს და 300 ათას დევნილს დღეს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის, სამწუხაროდ, უკვე აქტუალობა აქვს დაკარგული",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.