საზოგადოება
29/04/2022

კიკეთში თანამედროვე მეტეოროლოგიური რადარი დამონტაჟდა

კიკეთში ახალი თანამედროვე სტანდარტების მეტეოროლოგიური რადარი დამონტაჟდა.

ფინური კომპანია VAISALA-ს წარმოების რადარი გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 4.2 მლნ ლარად შეიძინა. 

„სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების იდენტიფიცირება, ადრეული გაფრთხილების და მონიტორინგის ეფექტიანი სისტემების შექმნა ჩვენთვის  პრიორიტეტული მიმართულებაა. ქვეყანას უკვე აქვს თანამედროვე სტანდარტების მეტეოროლოგიური რადარები, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, რომელთა საშუალებითაც, შესაძლებელია დადგინდეს ნალექების რაოდენობა და ინტენსივობა, რაც მათგან გამოწვეული შესაძლო სტიქიური მოვლენების  შესახებ საპროგნოზო ინფორმაციისა და გაფრთხილებების შესაბამისი უწყებებისთვის დროულ მიწოდებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

2020 წელს, ანალოგიური რადარი გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შეიძინა, რომელიც ქუთაისის მიმდებარედ დამონტაჟდა და ექსპლუატაციაში გაეშვა. 

მწვანე კლიმატის ფონდის მიმდინარე პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მონიტორინგის ქსელის გაფართოება, რისთვისაც დამონტაჟდება ახალი ავტომატური მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური სადგურები. პროექტის ფარგლებში მომზადდება გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეების ზონირების რუკები, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების ბუნებრივი საფრთხეებისგან მაქსიმალურ დაცვას და უზრუნველყოფს ქვეყანაში სტიქიური მოვლენებით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი შედეგების თავიდან აცილება/შერბილებას.